ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აუდიტი: “საქართველოში მძღოლებზე ადეკვატური რეაგირება ვერ ხერხდება”

საქართველოში ვერ ხერხდება სისტემატურად დამრღვევ მძღოლებზე ადეკვატური რეაგირება. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საგზაო უსაფრთხოების დაცვაში შსს-ს საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ქულების ამოწურვის შემდეგ ზოგიერთი მათგანი მართვის მოწმობის გარეშე მოძრაობს და წესების დარღვევასაც განაგრძობს, პოლიცია აჯარიმებს, მაგრამ ისინი ჯარიმებსაც არ იხდიან. სამართალდამცველებს მათ შესაჩერებლად მეტი ბერკეტი აღარ აქვთ. შედეგად, მარტო 10 მძღოლს 2011 წლიდან 2018 წლამდე 800 000 ლარზე მეტის ჯარიმა დაეკისრა, რომელიც არ გადაუხდია.

აუდიტი ამ მძღოლების შესახებაც წერს:

პირველი მძღოლი

მძღოლი N1 აუდიტის მიხედვით, მუდმივად ალკოჰოლური სიმთვრალის ქვეშ მართავდა სხვის სახელზე გაფორმებულ მანქანას. იმერეთის მთავარი სამართველოს პატრულ-პოლიციელებმა ის მხოლოდ 2017 წელს 127-ჯერ დააჯარიმეს. პატრული ამ მძღოლს თითქმის ყოველ მესამე დღეს აჩერებდა და აჯარიმებდა მას, თუმცა უშედეგოდ.

აუდიტის საანგარიშო პერიოდში, ამ მძღოლს 207 ჯარიმა, რომელიც 303 000 ლარზე მეტის იყო, ალკჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართვის გამო დაუწერეს მაშინ, როდესაც მას მართვის უფლება უკვე შეჩერებული ჰქონდა. რაც აუდიტის დასკვნით, ყველა განვითარებულ ქვეყანაში მძიმე კატეგორიის სამართალდარღვევად განიხილება.

მძღოლი სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობს, ამიტომ მის შემთხვევაში აღსრულების მექანიზმიც უშედეგოა.

მეორე მძღოლი

როგორც აუდიტი წერს, მძღოლი N2 დაჯარიმებულია 108-ჯერ, რომლის თანხის საერთო მოცულობამ 151 000 ლარს გადააჭარბა. მას აქედან მხოლოდ 4 აქვს გადახდილი. გადაუხდელი ჯარიმები ამ შემთხვევაშიც აღსრულებას გადაეცა, მაგრამ ეს მძღოლიც სოციალურად დაუცველია, ამიტომ მექანიზმი ვერ მუშაობს.

მეორე მძღოლს ჯარიმები სხვის მფლობელობაში მყოფი 19 სხვადასხვა მანქანის მართვისას გამოუწერეს, მათ შორის, ალკოჰოლური სიმთვრალის ქვეშ და მართვის მოწმობის გარეშე ტარებისთვის, რასაც ხშირად მოძრაობის წესების დარღვევა მოჰყვებოდა.

მესამე მძღოლი

მძღოლი N3 2013-2017 წლებში 66-ჯერ დააჯარიმეს. როგორც აუდიტი წერს, მას 93 000 ლარის გადახდა დაეკისრა, რაც არ გადაუხდია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯარიმები აღსრულებას გადაეცა და ამ შემთხვევაში მანქანაც მძღოლის საკუთრებაშია, როგორც აუდიტი წერს, დღემდე ქონების აღსრულება არ მომხდარა.

იტვირთბა....