კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ძიუდოს ფედერაციაში განვითარებული მოვლენების შესახებ განაცხადა, რომ სამინისტრომ რამდენად უნდა აიღოს თავის თავზე პროცესის წარმართვა, ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ არის.
„ყველა ფედერაცია არის დამოუკიდებელი ორგანიზაციული ერთეული. სამინისტრომ თუ რამდენად უნდა აიღოს თავის თავზე ამ პროცესის წარმართვა, ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ არის, რამდენადაც არსებობს წესდება, დებულება, რომელიც ამ დამოუკიდებელ ორგანიზაციებს აქვთ დამტკიცებული. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ მთელი პროცედურები, მათ შორის ახალი პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით, მაინც თავად ფედერაციამ უნდა ჩაატაროს, თუმცა შინაარსობრივ ნაწილში, ბუნებრივია, რომ სამინისტრო ჩართული იქნება“, – განაცხადა გიორგაძემ.
რაც შეეხება ძიუდოს ფედერაციის აღმასკომიდან შოთა ხაბარელის შესაძლო გარიცხვას, გიორგაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებული არაა და მისი უწყება ფედერაციასთან კონსულტაციებში ჩართული იქნება.
„ბატონი შოთა ხაბარელი არ გაურიცხავთ აღმასკომიდან, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს საკითხი აღმასკომის გადაწყვეტილებით თითქოს უნდა ყოფილიყო განხილული, თუმცა ჩემი ინფორმაციით, გარიცხვის გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ კონსულტაციები გვექნება ფედერაციასთან. ჯერ არ მქონია ფედერაციასთან და აღმასკომთან საუბარი ამ თემაზე. მე პირველ რიგში მაინტერესებს ის მოტივაცია, რის გამოც ამ საკითხის განხილვის შესაძლებლობა იყო აღნიშნული“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.