ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
ვებგვერდი myadvokat.ge -ი განმარტავს, რა შემთხვევაშია დასაშვები წყვილის დაქორწინება და განქორწინება.
დაქორწინებისთვის აუცილებელია საქორწინო ასაკი და დასაქორწინებელ პირთა თანხმობა.
დაქორწინება არ დაიშვება: იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან; პირდაპირ აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის; ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის; მშვილებელსა და ნაშვილებს შორის; იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია.
მოქმედი კანონმდებლობა იცნობს ქორწინება შეწყვეტის რამდენიმე ფორმას კერძოდ ქორწინება წყდება, თუ ერთ-ერთი მეუღლე გარდაიცვალა; კანონით დადგენილი წესით ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადებით; განქორწინებით.
განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში – სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება წარმოადგენს ორი პირის ნებაყოფლობით კავშირს, კანონმდებელი გარკვეულ პირობებში ზღუდავს განქორწინების შესაძლებლობას, ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს, ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე.
განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, პროცესის განმავლობაში სასამართლოს გააჩნია უფლებამოსილება, მიიღოს ზომები მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.
განქორწინება განხორციელდება თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
სამოქალაქო კოდექსის თანახმად, განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო, როცა აუცილებელია, იღებს ზომებს მცირეწლოვანი შვილებისა და შრომისუუნარო მეუღლის ინტერესების დასაცავად.