რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლის ჩამოსვლასთან დაკავშირებთ ინფორმაციას ხათუნა სამნიძე, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“მიკიბ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ მთავარ სათქმელზე გადავალ.
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილება კგბ-ს კონტროლქვეშაა, ფაქტიურად მისი სტრუქტურული ერთეულია. სწორედ ახლანდელი პატრიარქი კირილი ხელმძღვანელობდა ოცი წლის (1989-2009) განმავლობაში ეკლესიის საგარეო ურთიერთობების განყოფილებას.
1992 წ. მარტში რუსეთის უმაღლესი საბჭოს კომისიამ (დისიდენტების- გლებ იაკუნინის და ლევ პონომარიოვის ხელმძღვანელობით) ეს განყოფილება და მისი ხელმძღვანელი მიტროპოლიტი კირილი კგბ-თან თანამშრომლობაში ამხილა. მისი მემკვიდრე, ამ განყოფილების ახლანდელი უფროსი სტუმრობს ამჟამად თბილისს კიევის წინააღმდეგ სინოდის შესაგულიანებლად.
კონსტანტინოპოლის ბერძნულ და მოსკოვის რუსულ ეკლესიებს შორის ბრძოლა მართლმადიდებელი სამყაროს ლიდერობისთვის კარგა ხანია, მიმდინარეობს.
ურთიერთობა განსაკუთრებით გამწვავდა 2016 წ. ივნისის შემდეგ, როცა რუსული მართლმადიდებელი ეკლესია და მისი მხარდამჭერი საქართველოს, ბულგარეთის და ანტიოქიის ეკლესიები არ დაესწრნენ კრეტაზე გამართულ მსოფლიოს მართლმადიდებელთა კრებას. 10 მართლმადიდებელი ეკლესია მონაწილეობდა კრეტის კრების მუშაობაში.
მოსკოვის საპატრიარქოსგან გამიჯნული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ითხოვს მისი ავტოკეფალიის ცნობას.კონსტანტინოპოლმა განხილვის მზაობა გამოაცხადა, მოსკოვი შეშფოთდა.
ზოგი რამ საკითხის ისტორიიდან…
მე-15 საუკუნის შუა ხანებიდან – ბიზანტიის გაქრობის შემდეგ რუსული მართლმამიდებელი ეკლესია დე-ფაქტო დამოუკიდებელი გახდა. მისი აღიარება მსოფლიო(კონსტანტინოპოლის) და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ მოხდა საუკენენახევრის შემდეგ, მე-16 საუკუნის ბოლოს. ამასთანავე, მოსკოვის საპატრიარქო იძულებული გახდა დათანხმებულიყო, რომ კიევის მიტროპოლია კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაში დარჩენილიყო. კიდევ ერთი საუკუნის მერე, მე-17 ს. ბოლოს, აღმოსავლეთ უკრაინის მიერთების შემდეგ, მოსკოვმა კიევის მიტროპოლიაც დაიქვემდებარა უკიდურესად დასუსტებული კონსტანტინოპოლის პატრიარქის თანხმობით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლიდან ჩამოყალიბდა უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია, რომელიც დღემდე ითხოვს აღიარებას. უკრაინის პრეზიდენტის-პოროშენკოს მიმართვას ამჟამად უკვე გამოეხმაურა მსოფლიო პატრიარქი და საკითხის სხვა საპატრიარქოებთან განხილვას დაპირდა.
ავტოკეფალიისთვის ბრძოლა, აღიარება/არაღიარება, მეტწილად პოლიტიკურ კონიუნქტურაზეა დამოკიდებული.. აბა, რომელიმე მოციქული ვერ იქადაგებდა რუსეთში ან უკრაინაში და ბევრგან სხვაგანაც…არ არსებობდნენ ეს ხალხები და ქვეყნები პირველ საუკუნეში..სწორედ მოციქულთა ქადაგებას იშველიებდა გიორგი მთაწმინდელი მე-11 საუკუნეში, როცა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის უფლებას იცავდა.
ეჭვგარეშეა, რომ ეკლესიები იძენდნენ, კარგავდნენ, აღიდგენდნენ(ან ვერ აღიდგენდნენ) დამოუკიდებლობას იმის მიხედვით, მათი ქვეყნები ძლიერდებოდნენ თუ სუსტდებოდნენ. ქართული სამეფო-სამთავროების მიერთების შემდეგ, 1811 წელს რუსეთის იმპერიამ გააუქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, თავად იმპერიის კრახმა კი 1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენის საშუალება მისცა საქართველოს ეკლესიას ( რუსულმა ეკლესიამ 1943 წელს, ხოლო კონსტანტინოპოლმა -1990 წ. ცნეს ავტოკეფალიის აღდგენა, აქაც პოლიტიკური კონიუნქტურა იყო განმსაზღვრელი).
უკრაინის სახელმწიფოსა და ეკლესიას საპატრიარქო უარს თუ ეტყვის ავტოკეფალიის აღიარებაზე, ეს იქნება პუტინისა და კირილის ჩეკისტური რუსეთის გამარჯვება. გამოჩნდება, რამდენად დიდია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში რუსული გავლენები.
არავითარი “კანონიკური საზღვრების” ფსევდოარგუმენტი, რომ მოსკოვის საპატრიარქო აფხაზეთში ჩვენი საპატრიარქოს იურისდიქციას აღიარებს და ამიტომ უკრაინის საკითხში რუსების მხარეს უნდა ვიყოთ, არაა სერიოზული…გაცილებით მეტი ბერკეტი აქვს ამ საქმეში სწორედ ქართულ მხარეს – დიახ, ქართული მხარე! ეს სახელმწიფოებრივი საკითხი იყო ყოველთვის და ახლაც ასეა, პოლიტიკური შემადგენელი გაცილებით მეტია ამჟამადაც უკრაინული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარება/არაღიარების საკითხში, ვიდრე ეკლესიათა კონიუნქტურული ურთიერთობების ხავსმოკიდებული, ვადაგასული ვითარება.
დამთავრდა სსრკ 27 წლის წინ. ამ სუსურუკუს გადმონაშთი მოსკოვის საპატრიარქოს ბატონობაც ნახევარ უკრაინაში უნდა დამთავრდეს!
საქართველო და უკრაინა ევროკავშირის ასოცირებული და ვიზალიბერალიზებული წევრებია, ხოლო რუსეთის ჩეკისტურ სახელმწიფოსა და მის ნაწილს-მოსკოვის საპატრიარქოს ოკუპირებული აქვთ ჩვენი ქვეყნების ნაწილი.
საერო პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა გავითავისოთ მომენტის სიდიადე…. შევეშველოთ საქართველოს მოქალაქეებს- სასულიერო პირებს, სინოდს…დადგნენ თავისუფლების, დამოუკიდებლობის, უკრაინის და, შესაბამისად, საქართველოს მხარეს; საუკუნის წინ ქართული ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მომპოვებელი, მაშინდელი პატრიარქების და სრულიად სამღვდელოების მხარეს!”- ნათქვამია ხათუნა სამნიძის განცხადებაში.