დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომ შეიძლება ვთქვათ, რომ მემანქანეები სიტყვაზე გვენდნენ, ჩვენს შორის არ გაფორმებულა არანაირი ხელშეკრულება და არ დაგვიდია ოფიციალური პირობა.
როგორც ხმალაძემ აღნიშნა, მერია და მემანქანეები არ შეთანხმებულან, როგორ დაკმაყოფილდება გაფიცულების მოთხოვნები.
„ძალიან მიხარია, რომ მეტროპოლიტენის გაფიცული თანამშრომლები შევიდნენ იმ მდგომარეობაში, რაც მუნიციპალიტეტს აქვს. თქვენ დათმობაზე საუბრობდით, მაგრამ აქ დასათმობი არაფერი იყო. მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს არ აქვს იმის საშუალება, რომ დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები. ჩვენ გვქონდა ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია მეტროს მემანქანეებთან და დეტალურად განვუმარტეთ ჩვენი ფინანსური მდგომარეობა. ამასთან ერთად, დედაქალაქის მერმა განუცხადა მისი სურვილი, მზაობა იმის თაობაზე, რომ მომავალი წლიდან დავუბრუნდეთ ამ საკითხს და ერთად გამოვნახოთ შესაძლებლობები სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად, ის სწორი გადაწყვეტილებები, რითაც მუნიციაპლიტეტში დასაქმებული თოთოეული ადამიანის შრომა იქნება დაფასებული. ამ ორი დღის განმავლობაში დიალოგი და კომუნიკაცია დაგვჭირდა იმისთვის, რომ გარკვეულიყო ყველა დეტალი, გარკვეულიყო ის, რომ მუნიციპალიტეტი მიმდინარე წელს ამ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, ამასთან, ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ მუნიციპალიტეტი მომავალ წელს ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შრომითი პირობები გაუმჯობესდეს ამ ადამიანებისთვის. ეს ორდღიანი კომუნიკაცია საკმაოდ რთული იყო დედაქალაქისთვის.
თქვენ შეგიძლიათ ანალიზი გააკეთოთ შედეგებიდან გამომდინარე, მერიას პოზიცია არ შეუცვლია. მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად, მემანქანეები შევიდნენ ჩვენს მდგომარეობაში და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაუბრუნდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებს. ეს იყო პიროვნული ურთიერთობა ყოველგვარი სამართლებრივი პროცესებისა და ხელშეკრულებების გაფორმების გარეშე. ეს არის თანამშრომლური ურთიერთობა ხელმძღვანელებსა და დასაქმებულებს შორის. ჩვენ არ შევთანხმებულვართ, როგორ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები, შევთანხმდით იმაზე, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება იმ ფარგლებში, რისი საშუალებაც გვექნება. არ არის საუბარი, რამდენი დაუჯდება ეს მერიას და რას გამოიწვევს. რაც აუცილებელია ყველაფერი უნდა გააკეთოს მუნიციპალიტეტმა. შეგიძლიათ თქვათ, რომ სიტყვაზე გვენდნენ, ჩვენ არ გაგვიფორმებია დოკუმენტი და არ დაგვიდია ოფიციალური პირობა“, – განაცხადა ხმალაძემ.