საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილს, უფლებადამცველი გია ფაცურია მისი სარჩელის განხილვის განზრახ გაჭიანურებასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
ფაცურიას განცხადებით, სასამართლომ მისი სარჩელი წარმოებაში ერთი წლის წინ მიიღო, თუმცა არსებითი განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა.
გია ფაცურია აცხადებს, რომ მოსამართლემ მას სოციალურ ქსელში შეაგინა და შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართა, რის გამოც აპირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შესაბამის უწყებებს მიმართოს. ის ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოშია და სხდომის დაწყებას ელოდება.
“მინდა მივესალმო ცაბუტაშვილს, რომელმაც სოციალურ ქსელში მაგინა,” – განაცხადა ფაცურიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოში ოფიციალური კომენტარი არ კეთდება. როგორც სასამართლოს პრესსამსახურში ამბობენ, მოსამართლე გინებისთვის ბოდიშის მოხდას აპირებს.