ნატო ივლისის სამიტისთვის ემზადება, რომელიც ახალ შტაბბინაში გაიმართება. წევრ ქვეყნებს შორის დეკლარაციის ტექსტზე ბოლო კონსულტაციები მიმდინარეობს. ხვალ კი ალიანსის შტაბბინაში თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება. რა ჩაიწერება სამიტის დეკლარაციაში და როგორ აფასებენ საქართველოს მიღწევებს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გიოტე-მიულერმა ისაუბრა. ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს.
“საქართველომ დაამტკიცა, რომ ნატოს ძლიერი და ეფექტური პარტნიორია, ამას ძალიან ვაფასებთ. ამავდროულად თქვენი ქვეყანა მიისწრაფვის ნატოს წევრობისკენ, ბევრს მუშაობს ამ მიმართულებით და ვიცი, რომ სამიტზე მხედველობაში მიიღებენ თქვენს ძალისმევას და ილაპარაკებენ ჩვენ საითკენ უნდა წავიდეთ,”-აცხადებს როუზ გიოტე-მიულერი.
უმრავლესობის წევრი, ირაკლი სესიაშვილი კი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოს წინსვლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ნატოში ამ ფაქტს შესაბამისად აფასებენ.
“სანამ პოლიტიკურ კონსესუსამდე მივალთ, სულ მინიმუმ ნატოს წევრები დარწმუნებული უნდა იყვნენ იმაში, რომ საქართველოს აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს და საქართველოს აქვს ძალიან ძლიერი პოზიციები. ის, რაც არის საქართველოს ძლიერი პოზიციები და სერიოზული რეფორმები და წარმატებები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ამას ყველა ერთმნიმშვნელოვნად აფიქსირებს,”-აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.