ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხაბარელი: “აღმასკომის წევრებს შეგვიძლია კოლექტიური ქევხიშვილები ვუწოდოთ”

ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის წევრი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი აღმასკომის დღევანდელ გადაწყვეტილებას, სადაც გადაწყდა, რომ უახლოეს სხდომაზე მისი აღმასკომის წევრობიდან გარიცხვის თაობაზე იმსჯელებენ განაცხადა, რომ აღმასკომის წევრებს შეგვიძლია კოლექტიური ქევხიშვილები ვუწოდოთ.

შოთა ხაბარელმა განაცხადა, რომ სიტუაციის განსამუხტად საჭიროა პროცესებში ჩაერთოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.  ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

„ამ არაადეკვატურ გადაწყვეტილებაზე კომენტარის გაკეთება მიჭირს. ეს არის სიმართლის თქმის სანაცვლოდ მიღებული გადაწყვეტილება.

ამჟამად ვინც აღმასკომის წევრები არიან, შეგვიძლია მათ ვუწოდოთ კოლექტიური ქევხიშვილი. პროცესები სწორედ ამის გამო მიმდინარეობს ამგვარად. მათ არ სიამოვნებთ სიმართლე. ახლა ისინი არიან გაბრაზებულები, რომ მათი გუნდის წევრი წავიდა პრეზიდენტობიდან“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.

რაც შეეხება ფედერაციის მომავალი პრეზიდენტის შერჩევის საკითხს, ხაბარელი იმედს გამოთქვამს, რომ სამომავლოდ პრეზიდენტის შერჩევა არ მოხდება იმავე გუნდიდან, რომელსაც დავით ქევხიშვილი წარმოადგენდა.

„არსებობს უამრავი ბერკეტი, მათ შორის ის, რომ სამინისტრომ დაიჭიროს სწორი პოზიცია. ჩვენ ვადევნებთ თვალყურს და ვნახავთ თუ რა პოზიციას დაიჭერს“, – განაცხადა შორთა ხაბარელმა.

როგორც sportall.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღმასკომის დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ უახლოეს სხდომაზე შოთა ხაბარელის აღმასკომის წევრობიდან გარიცხვის თაობაზე იმსჯელებენ.

შოთა ხაბარელი ძიუდოს ფედერაციაში შექმნილი ვითარების და ნაკრების წევრთა ნაწილის გაფიცვის გამო, ღიად დაუპირისპირდა ფედერაციის ამჟამად უკვე ყოფილ თავმჯდომარეს დავით ქევხიშვილს. შოთა ხაბარელი ამბობდა ძიუდოისტების პროტესტი საფუძვლიანი იყო და რომ დავით ქევხიშვილი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყო.

შეგახსენებთ, რომ დავით ქევხიშვილმა ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა 2 ივნისს დატოვა.

იტვირთბა....