ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დაკმაყოფილდეს გაფიცულ მემანქანეთა მოთხოვნები ” – მოქალაქეები თბილისის მერიას პეტიციით მიმართვენ

“manifest.ge”-ზე განთავსდა პეტიცია, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ხმის მიცემა და სოლიდარობის გამოცხადება მეტროს მემანქანეების მიმარტ. პეტიციის ადრესატი თბილისის მერია და თბილისის მერი კახა კალაძე.

 

დაკმაყოფილდეს გაფიცულ მემანქანეთა მოთხოვნები და აღდგეს თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობა.

 

თბილისის მერს, კახა კალაძეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

უკვე რამდენიმე დღეა თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები გაფიცულნი არიან. გაფიცვის შედეგად მუშაობა შეწყვიტა მეტრომ, დახურულია თბილისის ყველა მეტროსადგური. ასობით ათასი ადამიანი ქალაქში ნორმალურად გადაადგილებას ვერ ახერხებს. მერიის მიერ დანიშნული დამატებითი ავტობუსები სატრანსპორტო კოლაფსის მოგვარების ნაცვლად ქალაქში შექმნილ ქაოსს აღრმავებენ.

ქალაქის მერიასა და მეტროპოლიტენის თანამშრომლებს შორის მოლაპარაკებები ხუთი წელია გრძელდება. ხუთი წელია მემანქანეები თავიანთი სოციალ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ელოდებიან. მშრომელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დავა ქალაქის მთავარი სატრანსპორტო საშუალების პარალიზების გარეშე გადაწყვეტილიყო. სამწუხაროდ, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ დასაქმებულებს სხვა გზა არ დაუტოვა.

კრახით დასრულდა 5 ივნისს, გამთენიისას კახა კალაძესა და პროფკავშირელებს შორის წარმოებული მოლაპარაკებებიც. ქალაქის მერმა უარი განაცხადა დასაქმებულთა მოთხოვნების შესრულებაზე.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დღეში რამდენჯერმე ვსარგებლობთ საქალაქო ტრანსპორტით, გამოვხატავთ მადლიერებას მემანქანეების მიმართ. ჩვენ ვაფასებთ იმას, რომ მთელი ცხოვრებაა მეტროპოლიტენის თანამშრომელთა შრომის ხარჯზე უსაფრთხოდ და განსაკუთრებული შეფერხებების გარეშე ვმგზავრობთ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ რადიაციის, უჟანგბადობის, ხმაურისა და ვიბრაციის პირობებში მომუშავე მაღალი რანგის პროფესიონალები უკეთეს ანაზღაურებას იმსახურებენ. ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ, რომ მემანქანეების გარეშე ქალაქის ნორმალური ფუნქციონირება შეუძლებელია.

აქედან გამომდინარე, თბილისის მერიისა და საკრებულოსგან მოვითხოვთ დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების დაუყოვნებლივ შეტანას, რათა უმოკლეს პერიოდში მოხერხდეს მემანქანეთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და წერტილი დაესვას სატრანსპორტო ქაოსს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თბილისში შექმნილ მდგომარეობაზე სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ კახა კალაძესა და მის ადმინისტრაციას

იტვირთბა....