ამ წუთებში, გაფიცულ მეტროს მემანქანეებთან, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მივიდა. მან მემანქანეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და უთხრა, რომ მერიასთან მოლაპარაკებები გააგრძელონ.
“ორივე მხარემ – დამსაქმებელმაც და დასაქმებულმაც უნდა განაგრძოს მოლაპარაკებები. მე მოვედი აქ, რათა გავესაუბრო და გავიგო, რა მოლოდინი და მოთხოვნები აქვთ სახალხო დამცველის მიმართ მემანქანეებს“, – თქვა სახალხო დამცველმა მემანქანეებთან შეხვედრის დაწყებამდე.
მეტროს მემანქანეები 4 ივნისის დილიდან გაიფიცნენ, რის გამოც ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.
2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მეტროს თანამშრომლების გაფიცვის უფლება განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროფესიულ გაერთიანების წევრებს მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობა „სამუშაო საათების განმავლობაში“ აეკრძალათ.
31 მაისს პროფკავშირების გაერთიანებამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაფიცვის უფლების შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს ვერ გაუზრდის.
4 ივნისს, კახა კალაძემ მეტროს მემანქანეების ხელფასი გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ მათი ანაზღაურება პატრულის, მაშველის, მეხანძრის, სასწრაფო ბრიგადის თანამშრომლის ხელფასებს აღემატება.