შესაძლოა, უკრაინის ადგილობრივი ეკლესიის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისაგან გამოყოფის საკითხთან დაკავშირებით საქართველოში მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი ჩამოვიდეს. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა, გუშინ საპატრიარქოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტის ილარიონის (ალფეევი) ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ მისგან შეიტყვეს.
მამა მიქაელის თქმით, თავად მსოფლიო საპატრიარქოს საქართველოს საპატრიარქოსთვის ამ ვიზიტის შესახებ ჯერ არ უცნობებია.
მამა მიქაელის განცხადებით, მეუფე ილარიონის პატრიარქთან შეხვედრის საკითხი უკრაინის ადგილობრივი ეკლესიის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან გამოყოფის საკითხი იყო.
„უკრაინის ადგილობრივი ეკლესია თხოვს მსოფლიო საპატრიარქოს, როგორც პირველ ეკლესიას, რომ რაიმე ზომები მიიღოს და დაეხმაროს უკრაინას ამ დამოუკიდებლობის მოპოვებაში. ამასთან დაკავშირებით რუსეთის საპატრიარქოს თავისი პოზიციები გააჩნია. ამიტომ ბრძანდებოდა მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი). მსგავსი კონსულტაციები გაიმართება მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელთან. თუმცა, ჩვენ შეტყობინება ჯერ მათგან არ მიგვიღია. რუსეთის საპატრიარქო აცხადებს, რომ ალბათ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოც განახორციელებს ასეთივე ვიზიტს საქართველოში. ჯერ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ჩვენთვის არ მოუმართავს“, – განაცხადა მამა მიქაელმა.
კითხვაზე, რა პოზიცია ექნება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის ადგილობრივი ეკლესიის გამოყოფასთან დაკავშირებით, მამა მიქაელმა განაცხადა, რომ ეს რთული საკითხია და ამას კანონიკური ნორმები განსაზღვრავს.
„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან რთული საკითხი. ამიტომ, ჩვენი ეკლესიის პოზიცია ამ შემთხვევაში იქნება მოზომილი და ისეთი, როგორც ეკლესიები შეთანხმდებიან. რთული საკითხია ძალიან უკრაინა რა მოთხოვნასაც აყენებს. ამას კანონიკთური ნორმები განსაზღვრავს და ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობა რთული იქნება“, – განაცხადა პატრიარქის მდივანმა.
დეკანოზის თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეიქმნა უკრაინის ადგილობრივი ეკლესია და მას შემდეგ ეს საკითხი მეტ-ნაკლები სიმძაფრით პერიოდულად დგას.
„ახლა როგორც ვიცით, უკრაინის პრეზიდენტი შეხვდა მსოფლიო პატრიარქს და მას შემდეგ ახალი სიმწვავით დაისვა ეს საკითხი“, – განაცხადა მამა მიქაელმა.
მისივე თქმით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტს საქართველოში თან ჩამოჰყვა რუსი სასულიერო პირი, რომელიც ნეველის ტაძარში რუსულენოვანი მრევლისთვის იმსახურებს.
შეგახსენებთ, საპატრიარქომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონ (ალფეევი), ორ თანმხლებ პირთან ერთად.
„სტუმრობის მიზანი იყო უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობა.
უახლოეს პერიოდში, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიას ეწვევა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლობა“, – ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციში.