ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მესამე სექტორი წულუკიანის გადადგომას მოითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცესში თეა წულუკიანთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ და მთავრობას იუსტიციის მინისტრის გადაყენებისკენ მოუწოდებენ. მესამე სექტორმა დღეს ერთობლივი განცხადება გააკეთა. არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ თუ მთავრობა მიმართულია იმისკენ, რომ ამ კრიზისიდან გამოსავალი ნახოს და რეალური ცვლილებები გაატაროს, ამისთვის სწორედ იუსტიციის მინისტრის გადაყენება და ინკლუზიური, გამჭვირვალე პროცესის წარმართვაა საჭირო მთავარი პროკურორის შერჩევისას.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ როდესაც საუბარია იმ მოცემულობაზე, სადაც დღეს ვიმყოფებით, აუცილებლად უნდა შევხედოთ მის მიზეზებს. მიზეზი არის ის, რომ წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში მართლმსაჯულების რეფორმა იყო აბსოლუტურად არაეფექტური. ზუსტად ამიტომ, ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რომელიც გვაქვს სასამართლოში, პროკურატურაში, ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ბევრ გამოუძიებელ საქმეზე და ვსაუბრობთ ადამიანის უფლებების დარღვევის კონკრეტულ შემთხვევებზე. ამის მიზეზი არის ზუსტად ის, რომ აქამდე არ არსებობდა პოლიტიკური ნება იმისა, რომ სახელმწიფოში ჩატარებულიყო ეფექტური მართლმსაჯულების რეფორმა.

ჩვენ მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გადააყენოს იუსტიციის მინისტრი იმიტომ, რომ მან წლების განმავლობაში ვერ გაართვა თავი იმ მნიშვნელოვან მისიას, რასაც მართლმსაჯულების სექტორში რეფორმა ჰქვია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პირობების გათვალისწინებით, არ არის სწორი თუკი კონსულტაციაში ჩავერთვებით მასთან მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ეს ადამიანი არ იქნება მიმართული იმისკენ, რომ მართლაც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ღირსეული მთავარი პროკურორი აარჩიოს. ამიტომ, ჩვენ მას კონსულტაციების მაგიდასთან არ დავუსხდებით და უარს ვამბობთ ამ პროცესში მონაწილეობაზე,”- განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობის” თავმჯდომარემ ეკა გიგაურმა.
აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, არც ერთ მათგანს იუსტიციის მინისტრისგან კონსულტაციებში მიწვევის შესახებ წერილი არ მიუღიათ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....