ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე, მოძრაობა “ნუ მომკლავ” დამფუძნებლის შალვა კუჭაშვილის მიმართ სოციალურ ქსელში შესაძლო მუქარის გამო გამოკითხვაზეა. ამის შესახებ ინფორმაციას :ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
3 ივნისს, შალვა კუჭაშვილმა, ვაკეში, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე თქვა, რომ დავით ხარშილაძე Facebook-ზე ემუქრება. ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, რომელიც სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს.
შალვა კუჭაშვილი, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში უკვე გამოკითხეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ “ქრონიკა პლუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე, რომელიც ნარკოდანაშაულში იყო ბრალდებული, უდანაშაულოდ 12 აპრილს ცნო.
დავით ხარშილაძე გასული წლის 13 მარტს დააკავეს ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის.
13 ივლისს კი მოსამართლემ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 15 000-ლარიანი გიროთი შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
20 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხარშილაძე უდანაშაულოდ ცნო და ყველა ბრალდება მოუხსნა. განაჩენი ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.