ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დადუნაშვილის დედა: “ეს არის ტრაგედია და არ ჰყავს არც დაზარალებული და არც დამნაშავე”

”შეიძლებოდა მეტი ყოფილიყო სასჯელი. ეტყობა ძალიან უნდოდათ ეს შედეგი დამნაშავეებს, ისეთი გულმოდგინებით არიან ნამუშევარი ხორავას ქუჩაზე. ეს არის ტრაგედია და არ ჰყავს არც დაზარალებული და არც დამნაშავე. აქ ჩვენ ყველანი დავზარალდით ერთი ძალიან დიდი ბოროტების წინაშე და კარგი იქნებოდა, თუ უფროსები გავაკეთებთ ჭკვიანურ დასკვნებს, რომ ეს აღარ განმეორდეს” – ამის შესახებ დამნაშავე არასრულწოვნების სასჯელის ზომის განსაზღვრის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის ლევან დადუნაშვილის დედამ ნათია საყვარელიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებულ პირებს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, განაჩენი გამოუტანა. მოსამართლემ  გ.ბ ს საბოლოოდ პატიმრობის სახით  10 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხოლო  გ.ჯ ს 9 წლის და 9 თვის ვადით პატიმრობა მიესაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....