ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის აქციაზე მისვლას ეხმაურება:
“დიდი მადლობა ბატონო პრემიერო სამძიმრის გამოცხადებისთვის.
ეხლა რაც შეეხება ხელახალ გამოძიებას.
მაგ უმეცარი ნაბიჯით მე ვეღარ მომატყუებთ.
რომელ გამოძიებაზეა საუბარი როდესაც აღარც მოწმეები და აღარც ნივთ მტიცებები აღარ არსებობს.
მოწმეების მშობლები დააშინეს პროკურატურის დახმარებით სუბელიანის ოჯახმა და აგრეთვე გაანადგურეს ნივთმტკიცებები.
როგორ ფიქრობთ?
ვინმე გადადგავს ნაბიჯს და თავიანთი შვილების სიცოცხლეს ეჭქვეშ დააყენებენ???
მე ვიცი რო განწირული ვარ ამ საქმიდან გამომდინარე და ადრე თუგვიან მომიღებთ ბოლოს და ბატონი იური ვაზაგაშვილის ბედს გავიზიარებ.
მაგრამ მე არ მოგცემთ უფლებას ჩემ შვილს სულში ჩააფურთხოთ მანამ სანამ ცოცხალი ვარ.
მაგ ზღაპრებს მე ექვსი თვე ვისმენდი”, – წერს სარალიძე.
შეგახსენებთ, გვიან ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.
მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა, შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.
მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.