პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში დავით სარალიძის მკვლელობასთან დაკავშირებით წერს. მისი თქმით, ხელისუფლება, რომელიც კარგა ხანია ერთიანი აღარ არის, უმძიმესი გამოწვევის წინაშე დგას: ლაგაზიძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
“ან უნდა დასაჯონ მკვლელები და აალაპარაკონ ისინი, ვინც ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმის კურსშია და შესაბამისად, შესაძლოა მოუწიოთ გაათავისუფლონ მერაბიშვილი, რაც რევოლუციის ტოლფასია;
ან არ დასაჯონ მკვლელები და მათზე ხელის დამფარებელი პროკურატურა და ისევ მიიღონ რევოლუცია ადრე თუ გვიან;
ჩიჩუას პროკურატურასთან მისვლით გამოიკვეთა ოპოზციის ფაქტობრივად ერთიანი კანდიდატი – მარგველაშვილი, რომელსაც შეუძლია მოულოდნელობის ეფექტით ისარგებლოს, გადადგეს (რამდენადაც კონსტიტუციური ვადები მას ამის უფლებას აძლევს) და ვადამდელ არჩევნებში დაამარცხოს დემორალიზებული ხელისუფლება;
სხვადასხვა ჯგუფებად დაყოფილი ხელისუფლებიდან, ბევრი დღეს ამ სიტუაციით ხელის მოთბობის მოლოდინშია;
და თუ პროცესები 2003 წლის სცენარით განვითარდა, როცა შევარდნაძის ნავიდან თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ მისი გარემოცვის წევრები, გამორიცხული არ არის, რომ „ქართული ოცნების“ მსუყე ფიგურებმაც შევარდნაძის გარემოცვის წევრებს მიბაძონ, ხელი ივანიშვილს შეახოცონ და გვერდზე გახტნენ;
ამიტომაც, შესაძლებელია, ასევე, „ნაცებისგან“ „ოცნებაში“ გადაბარგებული დეპუტატების, ასევე, საკუთრივ „ოცნებაში“ არსებული საკმაოდ მრავალრიცხოვანი „მეამბოხეების“ ხარჯზე დაიშალოს „ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობა და მივიღოთ „ოცნებისგან“ გამიჯნულებისა და ნაცებისგან გამიჯნულების ანუ „ევროპელების“ ერთობა;
მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთი დასასრული იცის უიდეო, არაკვალიფიციური კადრებით და ქაოსის ეფექტით მართვამ. და ა.შ. თუმცა, ივანიშვილსაც შეუძლია ეს კრიზისი ხელისუფლების საფუძვლიანი დახვეტისთვის გამოიყენოს: სასწრაფოდ, შეცვალოს პროკურატურის ხელძღვანელობა და დააყენოს პროკურორად ის, ვისაც ხელისუფლებაში სათანადო ნდობა და რეიტინგი კიდევ შერჩენია. ასეთი მინისტრი ყავს ხელისუფლებას;
თუ მთავრობა არ დაგმობს პროკურატურის ქმედებას, გადააყენოს მთავრობა და შეცვალოს მისი უმრავლესობა ინოვაციური და კვალიფიციური კადრებით; ყველა სისტემის მომრღვევი და ამორალური მოსამართლეები მათზე არსებული უამრავი კომპრომატის გამოყენებით ან სახლში გაუშვას ან ციხეში; მოიყვანოს პარტიაში სრულიად ახალი თაობა; მოინახოს რეიტინგული და არა – ჩმორი საპრეზიდენტო კანდიდატი; დაიწყოს ქვეყანაში რადიკალური რეფორმები და ა.შ.
თუმცა, ეს სცენარიც უკვე საფუძლიანად მოყანყალებულ, ერთმანეთზე დაპირისპირებულ ჯგუფებად ქცეული „ოცნების“ პირობებში ძნელად გასატანი იქნება, მაგრამ რისკად ღირს, ყველა სხვა გზა ხელისუფლების დაკარგვაა. ასეა ეს”,-წერს ლაგაზიძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.
მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.