საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ამ წუთებში პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე მივიდა. მან სოლიდარობა და მხარდაჭერა გარდაცვლილ დავით სალარიძის მამას ზაზა სალარიძეს გამოუცხადა. ჩიჩუას განცხადებით, ის აქციაზე როგორც დედა და საქართველოს მოქალაქე მივიდა. პირველი ლედის თქმით, წარმოუდგენელია სახლიდან უყურო იმ უსამართლობას რასაც მთელი საქართველო ხედავს.
“წარმოუდგენელია სახლში მჯდარიყავი და იქიდან მეყურებინა ამ ადამიანის ტკივილისთვის. მე როგორც მოქალაქე და დედა, სარალიძეს სრულ მხდაჭერას ვუცხადებ. მტკივნეულია იმის ყურება, როგორ არ ხდება სამართლიანობის დადგენა”, – განაცხადა ჩიჩუამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.
მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.