ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

დეკანოზი ლომიძე: “გაიღვიძე პროკურატურავ, ჰოლივუდის მაფიოზურ ფილმებში არა ხართ, 21-ე საუკუნეა”

დეკანოზი ლომიძე სოციალურ ქსელში ხორავას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“მოკლედ, მაფიოზურ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით; ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ შეიძლება ფაქტები და ნივთმტკიცებულებები უბრალოდ გაანადგურო, მოწმეები გააჩუმო, დანაშაულის თვითმხილველები მოისყიდო, დააშინო, საქმე შეკერო, ჩაფარცხო, მსხვერპლს შეურაცხყოფა მიაყენო და ბოლოს სასამართლოს ათქმევინო, კი, მოკლეს ჯგუფურად, მაგრამ მკვლელი უცნობიაო. გაიღვიძე პროკურატურავ, ჰოლივუდის მაფიოზურ ფილმებში არა ხართ, 21-ე საუკუნეა, სრული და ღია ინფორაციის ეპოქაა და ვერავის ვერაფერს დაუმალავთ. დიდი გონებაშეზღუდული ხარ, როცა სმარტფონი გიჭირავს ხელში და თან გგონია სიმართლეს და ინფორმაციას დაუმალავ ხალხს”, – წერს გერმანიაში მოღვაწე დეკანოზი ლომიძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....