ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს კამათი მოჰყვა პარლამენტში ბიუროს სხდომაზე. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მომხრეა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოხდეს. ვოლსკიმ განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
„არ მეგულება ვინმე, რომ არ გრძნობდეს ერთ რამეს – აუცილებლად გადავა ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში, უნდა თუ არ უნდა რომელიმე ჩვენგანს. არის მეორე სირთულე – პროკურატურაზე არ არის მხოლოდ საქმე დამოკიდებული, სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელსაც პროკურატურა არ სცნობს. ვფიქრობ, ამ თემას სერიოზულად უნდა დავუბრუნდეთ მას შემდეგ, რაც მეორე სასამართლო, გასაჩივრების შემდეგ განიხილავს საკითხს.
დაგეგმილია მაღალი დონის ექსპერტების ჩამოყვანა და პროკურატურა არ აპირებს ამ თემაზე უკან დახევას. არც ერთი მხარე არ დავიცვათ. მთავარია, რომ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაგვემხობა თავზე, მართლა არ შეიძლება ეს თემა დღის წესრიგიდან მოიხსნას და პასუხი არ გაეცეს ბატონ ზაზას ან სხვა ადამიანს. მეორე საკითხია, რომ ადამიანებმა, ვინც უნდა ითანამშრომლონ პროკურატურასთან და სასამართლოსთან, ცოტა ყურები უნდა გამოიფხიკონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.
მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.