“დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს ხელისუფლებამ ამ ამბის შესახებ გაიგო მედიიდან, ზუსტად ისე, როგორც ჩვენ”, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა თამარ კეკენაძემ, სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის აღიარებასთან“ დაკავშირებით განაცხადა.
,,მე ვერ დავეთანხმები არჩილ თალაკვაძის ოპტიმიზმს და ვერ გავიზიარებ ამ პროცესის მისეულ, მარტივ აღქმას. სირიას ჯერც აქვს სერიოზული პოზიციები ასადის რეჟიმის და იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც არის დღეს არაბულ სამყაროში. აღნიშნულმა პროცესებმა შეიძლება შეიძინოს უფრო განვრცობადი ეფექტი, ჩვენი ხელისუფლების პასიურობის ფონზე. ფაქტია, რომ ერთის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ მოადუნა ყურადღება არაღიარების პოლიტიკაზე მუშაობის კუთხით და მეორე მხრივ, გადასახედია ის სტრატეგია, რომლითაც ხელისუფლება მუშაობს ამ მიმართულებით.
ფაქტია ის, რომ რუსეთს 2008 წლის შემდეგ არ შეუჩერებია მუშაობა საკუთარი გავლენების გაძლიერებისათვის. ის ეცდება კიდევ უფრო ეფექტურად გამოიყენოს გავლენები იმ მოწყვლადი ქვეყნების მიმართ, რომლებშიც აქვს პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ბერკეტები. სწორედ ამ ქვეყნებთან არის მნიშვნელოვანი განსაკუთრებული სახის მუშაობა, რასაც ჩვენ სამწუხაროდ ხელისუფლების მხრიდან ვერ ვხედავთ. სირიის მხრიდან აღიარება არის შედეგი სწორედ ხელისუფლების არასწორი პოზიციონირებისა ამ მიმართულებით.
ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს საქართველოს ხელისუფლება არაღიარების კუთხით, რა თქმა უნდა ნაწილობრივ უნდა იყოს დახურულ კარს მიღმა, მაგრამ თავად ამ ფაქტმა, რომელიც სიურპრიზი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის, დაგვანახა ის რეალობა, რომელიც ამ კუთხით გვაქვს. ეს მწარე გაკვეთილია თითოეული ჩვენთაგანისთვის.
მივესალმები საგარეო საქმეთა სამინისტროს განაცხადებას, რომლის თანახმადაც ის აპირებს გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიოერთობა სირიასთან. ქმედება კარგია, თუმცა არაა საკმარისი, რადგან უკვე გაფუჭებულ საქმეზე რეაგირებას ჰგავს და მაქვს იმედი, რომ იმ მოწყვლად ქვეყნებთან, რომლებზეც რუსეთს აქვს თავისი გავლენები, მუშაობა აქტიურად დაიწყება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან – აშშ -სთან, ევროკავშირთან და სხვა წონიან ქვეყნებთან ერთად. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ცალკე აღებულ სახელმწიფოს ძალიან გაუჭირდება აღნიშნულ ქვეყნებთან რუსეთის პირისპირ მუშაობა.
მნიშვნელოვანია რა გზავნილი და პოლიტიკა აქვს საქართველოს რუსეთთან მიმართებაში. ერთის მხრივ, ჩვენ ვცდილობთ რბილი პოლიტიკა გავატაროთ, მეორეს მხრივ კი ვიღებთ საწინააღმდეგო შედეგებს. ამ აღიარების შემდეგ დასაფიქრებელი და გადასახედია ჩავარდნები, რომლებიც გვაქვს.
ის, რომ სირიის მიერ აღიარება აღმოჩნდა სიურპრიზი ხელისუფლებისთვის მე მიჩენს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს თემაზე, თუ რას აკეთებს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური?! რატომ არ ჰქონდათ მათ საფუძვლიანი ეჭვი, ან კითხვის ნიშანი ამ მიმართულებით?! ვატყობ, ბევრი რამ არის გამოსასწორებელი ჩვენი უსაფრთხოების სექტორის მუშაობაში. თუ კიდევ იქნება აღიარება რომელიმე ქვეყნის მხრიდან, ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ აისახება საქართველოს რეალობაზე.
ხელისუფლებისგან განსხვავებით მე მაქვს ჩვენი პარტნიორების იმედი, რომლებიც ძალიან თანმიმდევრულნი არიან ქართველი ხალხის მხარდაჭერაში, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იმყოფება იმ მომენტში ქვეყნის ხელისუფლებაში.
სწორედ ამის გამო მაქვს იმედი, რომ ძალიან მკაცრი გამოხმაურება მოჰყვება ამ ყველაფერს” , – განაცხადა თამარ კეკენაძემ.