ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურამ მოწმის ჩვენებები დამახინჯებულად მოიყვანა: მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

“მეტრონომი”: სასამართლოდან

 

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა დასრულდა. მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი მოზარდის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, პროკურატურის სიტყვა საერთოდ არ იყო არგუმენტირებული და მათ მოწმეთა ჩვენებები დამახინჯებულად მოიყვანეს პროცესზე.

”ბრალდების მხარემ თავის დასკვნით სიტყვაში მოიყვანა მოწმეთა ჩვენებები დამახინჯებული ფორმით, მიაწერა ისეთი ფრაზები, რაც მოწმეებს საერთოდ არ ჰქონდათ სასამართლოში ნათქვამი. დეტალურად ვუპასუხებთ და სრულად გავაბათილებთ ბრალდების მხარის პოზიციას.

საქმეში არსებული ყველა უტყუარი მტკიცებულება მიუთითებს დაცვის მხარის პოზიციის მართებულებას. თუ ბრალდების მხარე ეყრდნობა იმ ერთადერთი მოწმის ჩვენებას, რომელმაც სამჯერ გამოძიებაში და შემდეგ სასამართლოში შეცვალა ჩვენება, მაშინ რა თქმა უნდა, შეიძლება მათი სასარგებლო განაჩენი დადგეს. თავად განსაჯეთ როგორ შეიძლება ვენდოთ ასეთ მოწმეს და საქმეს, რომელიც გამოძიებულია ცალმხრივად და მიკერძოებულად.”- აცხადებს კაკაბაძე.

მისი თქმით, ბრალდების მხარის ექსპერტიზა ნაწილობრივ დაცვის მხარის სასარგებლოა, თუმცა როგორც კაკაბაძე ამბობს, მაია ნიკოლეიშვილის ექსპერტიზის დასკვნა უფრო კონკრეტულად სცემს კითხვებს პასუხს.

”აქვე მინდა გავაჟღერო, რომ ასევე მოცემულ საქმეში მუშაობენ უცხოელი ექსპერტები, რომლებიც დაახლოებით 1 კვირაში დადებენ დასკვნას. კიდევ ერთხელ დადასტურდება დაცვის მხარის პოზიცია. დარწმუნებილი ვარ, ისეთი დასკვნა დაიდება, რომ სრულ შესაბამისობაში იქნება მაია ნიკოლეიშვილის დასკვნასთან”- განაცხდა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს მოკლეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 არასრულწლოვანია დაკავებული, ხოლო 5 პირი პასუხისგებაში დანაშაულის დაფარვისთვისაა მიცემული.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....