როგორც “გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, მას მოლოდინი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიყვება იმავე ლოგიკას, რა ლოგიკაც გამოიყენა საქმე 732-თან მიმართებაში და მარიხუანას მოხმარებაზე 500-ლარიანი ადმინისტრაციული სასჯელი გაუქმდება”..
ხვალ, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივ სარჩელს, რომელიც მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმებას ეხება.
“მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო მიყვება იმავე ლოგიკას, რა ლოგიკაც გამოიყენა საქმე #732-თან მიმართებაში და გამოიტანს შესაბამის დადგენილებას, რაც ნიშნავს იმას, რომ მარიხუანას მოხმარებაზე 500-ლარიანი ადმინისტრაციული სასჯელი გაუქმდება. სხვა რა ლოგიკა შეიძლება, განავითაროს სასამართლომ, ჩემთვის წარმოუდგენელია. ამიტომ, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს”, – ამბობს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, 2017 წლის 30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა. მოსარჩელე გივი შანიძე, რომელსაც სამართლებრივ დახმარებას “გირჩი” უწევდა, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების “ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება” იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისგებლობას მარიხუანას მოხმარებისთვის. საკონსტიტუციო სასამართლომ მაშინ შანიძის სარჩელი დააკმაყოფილა.