სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.
საგანგებო ბრიფინგი საგარეო უწყებაში ცოტა ხნის წინ გაიმართა. მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, მას შემდეგ რაც სირიამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა, დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების პრინციპი, შესაბამისად საქართველო იწყებს სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურებს.
„ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და ეთნიკურ წმენდას,“-განაცხადა დონდუამ .
შეგახსენებთ, რომ სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარების“ საკითხზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა. დიპლომატიური ურთიერთობები საელჩოების გახსნის დონეზე დამყარდება“, – ნათქვამია სირიის საგარეო უწყების განცხადებაში.
საქართველოსა და სირიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წლის 18 მაისს დაიწყო. სირიაში საქართველოს ელჩი არჩილ ძულიაშვილია, რომელსაც სავარაუდოდ, გამოითხოვენ.