ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ცვლილებები სესხებთან დაკავშირებით : რა შეზღუდვები დაუწესდება საფინანსო-საბანკო სექტორს

ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები წარადგინა. მინისტრის თქმით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, დაამკვიდრებენ სრულიად ახალ, სამართლიან თამაშის წესებს საფინანსო-საბანკო სექტორშიდა მათში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მოსახლეობის ინტერესები. ბახტაძის განცხადებით ცვლილებები დაფუძნებულია შემდეგ პრინციპებზე:

ქონებით უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში, გამსესხებლის მოთხოვნები მსესხებელი ფიზიკური პირის მიმართ დაკმაყოფილდება მხოლოდ დაგირავებული ქონებით და სხვა ქონებიდან ვეღარ მოითხოვს თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

ეფექტური საპროცენტო განაკვეთის წლიური ლიმიტი, ნაცვლად დღეს არსებული 100%-სა, ნახევრდება და ჩამოდის 50%-მდე!

ვადაგადაცილების შემთხვევაში წესდება მსესხებლისათვის დასაკისრებელი ჯარიმების/სანქციების ლიმიტი, რომელიც დაანგარიშდება სესხის ნარჩენი ძირითადი თანხიდან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობის მიუხედავად არ უნდა აღემატებოდეს დარჩენილი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას;

მინისტრის შეფასებით ჯარიმის დარიცხვის არსებული პრაქტიკა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მსესხებელს ჯარიმას არიცხავდა სესხის საერთო თანხიდან, არის სრულიად უპასუხისმგებლო და უსამრთლო.

ასევე იზღუდება ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების (ე.წ. მევახშეების) სასარგებლოდ რეგისტრირებული ქონების ანუ ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირავება;

მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების გამცემ სუბიექტებს (ე.წ. ლომბარდებს) მოეთხოვებათ უზრუნველყონ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი და გონივრულ ვადაში დანერგონ კომპიუტერული პროგრამა, რომელშიც აღრიცხული იქნება ყველა დაგირავებული ნივთი.

ვისაც სურს დაკავებული იყოს სრულფასოვანი ფინანსური შუამავლობით, შეუძლია ნებაყოფლობით მოექცეს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ და განახორციელოს ზემოთხსენებული საქმიანობა.

აღნიშნული წესები გავრცელდება მთელ ფინანსურ სექტორზე: ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე (ე.წ მევახშეებზე) და ნებისმიერ კერძო თუ იურიდიულ პირზე, რომელიც დაკავებულია ამ სფეროში ფინანსური საქმიანობით.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ სექტორში თამაშის წესები ერთხელ და სამუდამოდ უნდა გახდეს გამჭვირვალე, სამართლიანი და ყველასთვის თანასწორი.

„ჭარბვალიანობა იყო და სამწუხაროდ დღემდე რჩება ერთ-ერთ მძიმე პრობლემად, რომელიც გაცდა ფინანსური ურთიერთობების სივრცეს და მძაფრი სოციალური განზომილება შეიძინა;

აღნიშნული პრინციპები მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოფხვრაში, მაკროეკონომიკური სტაბილურობის უფრო მდგრადი დონის მიღწევასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაში. დასახელებული რეფორმები ქვეყნის ეკონომიკაში გააჩენს მეტ ფულს, მეტი ფული ნიშნავს მეტ რეალურ ეკონომიკას, მეტი რეალური ეკონომიკა კი – მეტ დასაქმებულ ადამიანს. კიდევ ერთხელ ყველას გპირდებით, რომ ნებისმიერ რეფორმას, როგორი დაბრკოლებებით სავსეც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ქვეყნისა და ეროვნული ეკონომიკის საკეთილდღეოდ.“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იტვირთბა....