ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულ გ.ჯ.–ს ადვოკატები და ბრიტანელი ექსპერტები, რომლებმაც ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატარეს, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
დაცვის მხარე საქმის განმხილველ მოსამართლე ეკა არეშიძეს მოუწოდებს, საქმეზე ობიექტური განაჩენი გამოიტანოს.
,,ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის სასამართლო გამოძიება დასრულდა. ჩვენ, ბრალდებულ გ.ჯ.–ს დაცვის მხარეს დღეს შეგვიძლია განვაცხადოთ შემდეგი: საქმეზე მიმდინარე სასამართლო გამოძიებამ, გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა, მოწმეთა და ბრალდებულთა მიერ მიცემულმა ჩვენებებმა დაადასტურა, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებულს არ ჩაუდენია მის მიმართ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული.
თვით გამოძიების მიერ საქმეზე დანიშნულმა სახელმწიფო კომპლექსურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფს არ აქვს შეხება გარდაცვლილ დავით სარალიძის სხეულზე არსებულ სასიკვდილო ჭრილობებთან. სწორედ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით მოვიწვიეთ მსოფლიოში ცნობილი ექსპერტ–კრიმინალისტები. მოვუწოდებთ მოსამართლე ეკა არეშიძეს ობიექტური განაჩენი გამოიტანოს ამ მეტად რეზონანსულ საქმეზე. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე გაიზიარებს იმ საბრალდებო დასკვნას, რომელსაც ყოველგვარი საფუძველი გამოაცალა საქმის სასამართლო განხილვამ, ვიტოვებთ უფლებას, რომ ეკა არეშიძე იმ სისტემის ნაწილად მივიჩნიოთ, რომელიც საფუძვლებს აცლის სამართლიან სასამართლოს“ – ნათქვამია ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მავე განცხადებაში განმარტებას აკეთებენ ბრიტანელი ექსპერტებიც – ჯეისონ პეინი–ჯეიმსი და სიუ კარნი:
,,ჩვენს ქართველ კოლეგებთან ერთად შევისწავლეთ გამოძიების მიერ საქმეზე შეგროვებული ნივთმტკიცებები, რომელზე წვდომაც საკმაოდ ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ გადმოგვეცა. შევისწავლეთ ყველა ნივთმტკიცება, რომელთაგან მივიღეთ საკმაოდ მოცულობითი ინფორმაცია. უნდა ითქვას, რომ საექსპერტო მასალის გარკვეული ნაწილი სათანადოდ არ იყო შენახული, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა. თუმცა საკმარისი მასალა განვიხილეთ იმისთვის, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნამ ხელი შეუწყოს ამ მეტად რთულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.
ჩვენი სამუშაოს მომდევნო ეტაპი შეგროვებული ინფორმაციის დამუშავებაა, რასაც ჩვენ ბრიტანულ ლაბორატორიებში განვახორციელებთ. ამისთვის ჩვენ დაახლოებით ორი სამუშაო კვირა დაგვჭირდება. ვწუხვართ, რომ ნივთმტკიცებებზე წვდომა ჩვენ მხოლოდ გასულ კვირაში მოგვეცა, ვინაიდან გამოძიების მიერ დანიშნულ სახელმწიფო ექსპერტიზას საქმის დასასრულებლად ხუთი თვე დასჭირდა.
ვიცით, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი გამოძიებას მკაცრ ვადებს უსაღვრავს. ამ ეტაპზე ჩვენ გავდივართ კონსულტაციას დაცვის მხარესთან, თუ როდის გახდება შესაძლებელი ჩვენს მიერ ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა სასამართლოში“,-ნათქვამია განცხადებაში.