მეუფე იობი მის მიერ გიორგი გაბუნიას დაწყევლაზე საზოგადოების რეაქციას გამოეხმაურა. მის ნათქვამს “ტაბულა” ავრცელებს.
“თქვენ იცით, რომ მე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეურაცხყოფისთვის დავწყევლე და შევაჩვენე ჟურნალისტი გიორგი გაბუნია. ზოგიერთები ამბობენ და ხსნიან, რომ ეს არასწორი იყო – ეს როგორ შეიძლება? ასეთი რამის გაკეთება მღვდელთმთავრისგან? მაგრამ ძალიან ბევრი მაგალითებია, თვით მოციქულებიც კი შეაჩვენებდნენ და წყევლიდნენ. ადამიანმა, რომელმაც შეურაცხყო ჯერ მაცხოვარი, შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა.
ამათ ავიწყდებათ ის, რომ მარტო ღვთისმშობლის არშეურაცხყოფის გამო, როდესაც ჯალალედინმა ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები დააბრძანა მეტეხის ხიდზე, ასიათასობით ქართველი ეწამა და ჩვენ როგორ შეიძლება ეს მოვითმინოთ, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილებმა, რომლის დამსახურება ის არის, რომ ჩვენ გადავრჩით, დღეს ჩვენ ქვეყანა ვართ, დღეს ჩვენ ქართველები ვართ – ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დამსახურებაა. სწორედ დღევანდელ დღეს წილის ყრის შედეგად მას შეხვდა საქართველო, საქართველოში უნდა წამობრძანებულიყო და საოცარი ის არის, რომ თავის წილხვედრ ქვეყანაში გამოაგზავნა ანდრია პირველწოდებული, პირველი მოციქული, რომელსაც პირველს მოუწოდა იესო ქრისტემ და გამოატანა თავისი ხელთუქმნელი ხატი, აწყურის ღვთისმსობლის ხატის სახით.
დედა ღვთისმშობელმა იზრუნა იმაზეც, რომ საქართველოში გამოაგზავნა იოანე ზედაზნელი და მისი 12 მოწაფე, რომ განემტკიცებინა ბერ-მონაზვნული ცხოვრება საქართველოში და დღემუდამ ზრუნავს თითოეულ ჩვენგანზე. რომ გადავრჩით ეს არის აღთქმა თავისი დედისადმი მაცხოვრის, რომ “არა გავწირო ერი ესე საზეპურო უკანასკნელ ჟამამდე”, ესეც აღუთქვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას და ეს აღთქმა სრულდება, დღეს ჩვენ ცოცხალნი ვართ, დღეს საქართველო არსებობს და სწორედ იმ დიდ წმინდანს შეურაცხყოფს ვიღაც პიროვნება, არარაობა, არაფრის მაქნისი, ჩვენთვის პირადად, თორე ვიღაცებისთვის შეიძლება რაღაცას წარმოადგენს.
და აი სწორედ ეს მოვლენები ააშკარავებს ვინ ვინ არის, ვინ ვის ემსახურება. ადამიანების უმცირესობა რჩეულნი არიან ისინი, ვინც ემსახურებიან ღმერთს, თქვენი სახით, მრევლის სახით, ხოლო ვინც ეკლესიასთან არ არის, ის თავისთავად ემსახურება ეშმაკს, არის ეშმაკის მსახური. როგორც იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს, ადამიანიო არ არისო თავისუფალიო ან არისო ეშმაკისო, ან არისო ქრისტესიო. აი ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე დაწყებულია ერის გაყოფა და იყოფა ორად, არიან ეშმაკის მსახურები”, – აცხადებს მეუფე იობი.
”