თბილისის სააპელაციო სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობის შეჩერებაზე 2016 წელს, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” ავრცელებს.
“მწვანე ალტერნატივას” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „ტიფლის კოსტავას“ და „გრაალის“ აპელაცია დაკმაყოფილდა.
შპს „ტიფლის კოსტავა“ და შპს „გრაალი” საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლითაც მწვანე ალტერნატივას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისათვის სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემის შესახებ თბილისის მერის განკარგულება და თბილისის მერიას დაევალა საკითხის ხელახლა განხილვა.
2014 წლის 4 მარტს მწვანე ალტერნატივამ სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა თბილისის მერის 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულებისა და სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანებისბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერის 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შესაფასების შემდეგ.
2016 წლის 12 აპრილს ა(ა)იპ მწვანე ალტერნატივამ სააპელაციო საჩივარი წარადგინა. ორგანიზაციამ მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, ასევე, შპს „გრაალმა“ და შპს „ტიფლის კოსტავამ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით მწვანე ალტერნატივას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „ტიფლის კოსტავას“ და „გრაალის“ აპელაცია დაკმაყოფილდა.
საქმე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე მერაბ ლომიძემ.