ახალი ამბები მთავარი სამართალი

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი პროკურატურაში დაიბარეს. საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვისას მომხდარ ინციდენტს.

ნიკოლეიშვილმა საქმის პროკურორები მუქარასა და ზეწოლაში დაადანაშაულა. ინციდენტი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ წარდგენილ დასკვნას მოჰყვა, სადაც ნათქვამია, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლულ ორ მოზარდს ჭრილობები დანის გარდა, სხვა ბასრი საგნებითაც ჰქონდათ მიყენებული.

როგორც ნიკოლეიშვილი აცხადებს, ის გამოკითხვაზე პროკურატურაში 18:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ პროკურორების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მოკვლევა დღეს დაიწყო.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს – გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის – დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

იტვირთბა....