ახალი ამბები მთავარი სამართალი

51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე ის ბრალდებული დაიკითხება, რომელიც მომხდარის შემდეგ ორი დღე მიმალვაში იყო​

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დღეს ის ბრალდებული დაიკითხება, რომელიც პირველ დეკემბერს მომხდარის შემდეგ 2 დღე მიმალვაში იყო. არასრულწლოვანი ჩვენებას სასამართლოს პირველად აძლევს. ის ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობდა.  მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებული ბევრ მნიშვნელოვან გარემოებაზე ისაუბრებს.

“დღევანდელ სასამართლო პროცესზე  დაიკითხება ბრალდებული, რომელიც ისაუბრებს, თუ როგორ მივიდნენ ხორავას ქუჩაზე, ვინ რა გააკეთა, ვინ რა ჩაიდინა და როგორ განვითარდა მოვლენები. ეს იქნება საინტერესო და დეტალური ჩვენება. ის ისაუბრებს მთელ რიგ გარემოებებზე. საზოგადოება გაიგებს ახალ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც აქამდე აბსოლუტურად არ იყო ცნობილი და არც ერთ მოწმეს არ უსაუბრია“,- განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

ამასთან, საქმეში დღეს კიდევ ერთი პროკურორი ჩაერთო. მარიკა გოგოხია ამბობს, რომ დასკვნით ეტაპზე საქმეში მისი ჩართვა ორი დღის წინ სხდომაზე მომხდარ ინციდენტს არ უკავშირდება. პროკურორი აცხადებს, რომ თუკი დღეს ბრალდებულის დაკითხვის შემდეგ სასამართლოს დრო ჰქონდა, საგამოძიებო უწყება მზად არის ამ საქმეზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა დაიწყოს.

„ჩემი ჩართვა ამ ეტაპზე არ უკავშირდება რაიმე ინციდენტს. საქმე დასკვნით ეტაპზეა და დახმარებას ვუწევ კოლეგებს. ასევე ჩართული ვიყავი გამოძიების პროცესში და ვიცნობ საქმის დეტალებს. დღეს დაიკითხება ბრალდებული. დასკვნით სიტყვაში ხაზს გავუსვამთ ყველა მტკიცებულებას. ჩვენი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დაზიანებები მიყენებულია დანებით და დასკვნითი სიტყვის ბოლოს მოვითხოვთ გამამტყუნებელ განაჩენს, ბრალდებულების სრული სიმკაცრით დასჯას. ექსპერტიზის დასკვნით არ დგინდება, რომ სხვა იარაღით არის დაზიანებები მიყენებული. არ დასტურდება ამ ორი ბრალდებულის გარდა რომელიმე სხვა პირის ბრალეულობა. თუ რას იტყვის ბრალდებული ამაზე, წინასწარ ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა გოგოხიამ.

წყარო: “საზოგადოებრივი მაუწყებელი”

იტვირთბა....