ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მიფრთხილდეს ყველა”: მოკლული მოზარდის დედა აცხადებს, რომ ნიკოლეიშვილის დასკვნით აღშფოთებულია

ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ, ნათია საყვარელიძემ განაცხადა, რომ მის შვილთან მიმართებაში მხოლოდ ერთი დანა ფიგურირებს. მისი თქმით, როგორც კი არ დაემთხვევა პროკურატურის და დაცვის მხარის ვერსია, მას უფრთხოდეს ყველა. “მიფრთხილდეს ყველა”, – ასეთი კომენტარი გააკეთა მოკლული მოზარდის დედამ. ის დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ სასამართლო სხდომებზე ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაციით შეურაცხყოფილია.

“სამედიცინო მაქვს დამთავრებული და მე მესმის რაც მან ილაპარაკა. მაია ნიკოლეიშვილს ეგონა, რომ ჩვენ ძალიან გაუნათლებლები ვისხედით დარბაზში და ვერ გავიგებდით მის ლაპარაკს. აღმაშფოთა იმან, რომ თურმე მაკრატლითაა ჩემი შვილი მოკლული. როგორ შეიძლება იქ მაკრატელი ყოფილიყო გამოყენებული. ელემენტარულად თუ ხარ პროფესიონალი, ამას არ იტყვი და საუბარია ორი 16 წლის ბიჭის სიცოცხლეზე. რაღაც პასუხისმგებლობა უნდა გეკისრებოდეს. ქალია და დედაა. ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო რაც მაია ნიკოლეიშვილმა ილაპარაკა”, – განაცხადა ნათია საყვარელიძემ, რომელიც ამბობს, რომ მიუხედავად დუმილისა, ეს არ ნიშნავს, რომ მას პროკურატურასთან კითხვები არ აქვს.

“ჩემს შვილს არ გაეკაროს არავინ. ჩემთვის გგონიათ ადვილია აქ რომ ვზივარ 6 თვეა? გგონიათ პროკურატურასთან არ მაქვს კითხვები? მე პირველ რიგში პატივს ვცემ ჩემი შვილის ღირსებას. ჩემი 16 წლის ბიჭს მეტი ღირსება ჰქონდა, ვიდრე აქ, მასზე უფროსებს. არ დავინახო ვინმემ მითხრას, რომ ლევანის წინაშე ორი მკვლელი იყო. მე შეიძლება ისეთი ინფორმაციაც ვიცოდე, რაც პროკურატურამ არ იცის. ასეთი სადისტური მკვლელობა როგორ შეიძლება სხვას დავაბრალო. ჩემს შვილთან მიმართებაში ოფიციალურ ვერსიას ვეთანხმები”, – განაცხადა მოკლული მოზარდის დედამ.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი რამდენიმე თვის წინ დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, საავადმყოფოში დაიღუპა.

იტვირთბა....