ახალი ამბები მთავარი სპორტი

რატომ გახდა კრივი საქართველოში მოდური და რა იზიდავს ახალგაზრდებს ამ სპორტში

სპორტის სხვადასხვა სახეობა ქალებისთვის ყოველთვის მიმზიდველი და პოპულარული იყო. ბოლო დროს განსაკუთრებით გამოიკვეთა მდედრობითი სქესის წარმომადგენლების ინტერესი სპორტის კონკრეტული სახეობის  მიმართ, როგორიც  კრივია. საინტერესოა, რა კრიტერიუმებით აფასებენ მანდილოსნები მათ და რატომ ანიჭებენ უპირატესობას.

ამის გასარკვევად კლუბ “ნოკაუტის” დამფუძნებელს ზურაბ პაპუაშვილს მივმართეთ. მისი თქმით, კრივის ტექნიკა მანდილოსნებს განსაკუთრებულად ლამაზ სხეულს უყალიბებს და იმავდროულად ფიზიკურ ძალასაც მატებს. პაპუაშვილის განცხადებით, მართალია ბოლო წლების განმავლობაში კრივის ოცამდე დარბაზი გაიხსნა თბილისში, თუმცა მათი დარბაზი ყველასგან გამორჩეულია. მისი თქმით, ბოლო პერიოდში კრივზე მოთხოვნამ ძალიან იმატა. ხოლო  ეს სპორტი პოპულარულია ტოპმოდელებში და ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი წონას სპორტის ამ სახეობით ინარჩუნებს.

„მეტრონომი“: რატომ გადაწყვიტეთ კრივის დარბაზის გახსნა, მხოლოდ იმიტომ, რომ ბიზნესის თვალსაზრისით მომგებიანი შეიძლება ყოფილიყო? 

ზურაბ პაპიაშვილი: პირველ რიგში, რა თქმა უნდა, როდესაც რაღაცას ხსნი, კაპიტალ დაბანდებაა და ბიზნესი, რომელიც წამგებიანია არავის უნდა. თუმცა როდესაც ირჩევ რა ტიპის ბიზნესი გინდა გააკეთო, შესაძლებელია ვიღაცას სპორტული ბიზნესი სიამოვნებს, ვიღაცას კიდევ სხვა.

თუმცა მთელი ცხოვრება რაც მახსოვს, სულ სპორტით ვარ დაკავებული, ამიტომაც ჩემთვის ამ სფეროში ფულის ჩადება უფრო სასურველი იყო. კრივის დარბაზის გახსნის ერთ-ერთი წინაპირობა ის იყო, რომ მინდა ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესი მთავარი პრიორიტეტი იყოს.

-ძალიან ბევრი კონკურენტი გყავთ და კრივი ბოლო დროს ქვეყანაში საკმაოდ მოდური გახდა. თქვენს კრივის კლუბს ამ კუთხით, ისეთი რა პრივილეგია აქვს, რომ ამ სპორტით დაინტერესებულმა ადამიანებმა თქვენთან იარონ? 

-რა თქმა უნდა, ამ ბიზნესში, როდესაც შემოვდიოდი, კრივის ათეულობით დარბაზი არსებობდა, თუმცა ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ როგორც ინფრასტრუქტურით, ასევე მომსახურების და ყურადღების თვალსაზრისით საუკეთესო ვყოფილიყავით.

ზოგი დარბაზი ნახევრად სარდაფია, სადაც არ არის არც გათბობა, არც ვილტირაცია და ელემენტარული წყლის გადავლების საშუალება არ ყოფილა. ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენთან მოსულ ადამიანებს შევთავაზეთ. მიუხედავად კონკურენციისა ჩვენ ახალი კრივის დარბაზების გახსნას მაინც მივესალმებით.

თუმცა არსებობს ადამიანის კატეგორია, რომელსაც ურჩევნია შედარებით ძვირი გადაიხადოს და შესაბამისი სერვისი მიიღოს. აღსანიშნავია ის ფატქიც, რომ ჩვენი კლუბი იყო პირველი, ვინც გადაწყვიტა, გოგოების ჯგუფი გაგვეკეთებინა. ზოგადად კრივი საქართველოში ვაჟებშიც განსაკუთრებით პოპულარული არც არასდროს ყოფილა, ქალებში მითუმეტეს. თავიდან მართალია გოგონების მოხიბვლა და დაინტერესება რთული იყო, თუმცა ახლა ძალიან ბევრი დადის.

-თქვენთან დარბაზში ცნობილი სახეები თუ დადიან, როგორც ვიცით კრივი ახლა ყველაზე პოპულარული და მოდური სპორტია…

-კი ჩვენთან ძალიან ბევრი ცნობილი სახე დადის. მომღერლები, მოდელები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ჩვენი კლუბის შესახებ სიუჟეტებიც  გაკეთებულა. ცნობილ არხებზეც იყო გადაცემები, ჩვენი მწვრთნელის მონაწილეობით. როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ ცნობილი ადამიანები ცდილობენ ჯანსაღი წესით ცხოვრებას, რა თქმა უნდა, ეს მათთვის მისაბაძი მაგალითი ხდება.

-ვარჯიშთან ერთად, თქვენთან მოსულ ადამიანს კვების რაციონსაც თუ უდგენთ? 

-რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანს სხეულის და ფორმების კორექცია უნდა, იქ კვების მოწესრიგების გარეშე არაფერი გამოდის. რამდენიც არ უნდა ივარჯიშოს ადამიანმა, თუ კვებას არ მოაწესრიგებს, წონის კორექცია რთული იქნება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და კვების რაციონის ინდივიდუალურად შედგენაც უნდა მოხდეს.

-კვირაში რამდენი დღე უნდა იაროს კრივით დაინტერესებულმა ახალგაზრდამ, რომ მას მაქსიმალური შედეგი ჰქონდეს?

-ვარჯიში კვირაში მინიმუმ სამი დღე ინიშნება და შედეგის მისაღწევად საკმარისია. საქართველოში არის ასეთი სტერეოტიპი, რომ დარბაზში მიდიან ზაფხულის დაწყებამდე ერთი თვით ადრე და უნდათ ზაფხულს იდეალურ ფორმაში შეხვდნენ. ნუ კარგი შედეგი კი მხოლოდ და მხოლოდ საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინტენსიური ვარჯიშით მიიღწევა. გადასახადს რაც შეეხება თვეში 150 ლარია და ვარჯიშის ხანგრძლივობა საათ ნახევარი. ვარჯიშს წარმართავს და აკონტროლებს მინიმუმ 2-3 მწვრთნელი.

-თუ აპირებთ სხვა კრივის დარბაზის გახსნას?

-დიახ, რა თქმა უნდა, რომ სხვა დარბაზების გაკეთებაც გეგმაში გვაქვს და ფართის მოძიებაც ამ ზაფხულს უნდა მოხდეს. სავარაუდოდ, ახალი წლის შემდეგ, საბურთალოს ტერიტორიაზეც უნდა გავხსნათ. ოღონდ იქ საბრძოლო ხელოვნების სხვა სახეობებიც იქნება წარმოდგენილი.

იტვირთბა....