გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე“ ნუ მომკლავ“ სიტყვით გამოსვლისას, მხატვარმა გია ბუღაძემ განაცხადა, რომ თუ ასე გაგრძელდა ისინი დაიმსახურებენ „მაკრატლების რევოლუციას“. მისი თქმით, ის არ გულისხმობს სისხლს და ძალადობას, არამედ როგორც მხატვარი, სიმბოლურად აზროვნებს.
“ხორავას ქუჩაზე მოკლულ დავით სარალიძეს მაკრატლებით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. ასეთი უბედურება ჯერ არ ყოფილა ამ ქვეყანაში. ამ მთავრობამ შექმნა უსამართლობის საოცარი განცდა. ჩვენ იდეა წაგვართვეს. რამდენი ბავშვი მოკლეს, მაგრამ პასუხი არ არის. მაინც და მაინც ელიტა უნდა იყოს ზაზა სარალიძე, რომ ყურადღება მიაქციონ?!“, – აღნიშნა გია ბუღაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს მოკლული ორი მოზარდის, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის საქმის სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით აქცია, სახელწოდებით “ნუ მომკლავ” პარლამენტის შენობის წინ გაიმართა. საპროტესტო აქციას “მეტრონომის” ჟურნალისტი ესწრებოდა.