ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წვევამდელები ფიცს ერთდროულად 6 ადგილას დადებენ

წვევამდელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია წელს, ერთდროულად 6 ადგილას – თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში-ქოროღლის ციხესთან, ბათუმსა და გელათში გაიმართება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ. მათი ინფორმაციით, ფიცის დადების ოფიციალური ცერემონია, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, 12:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი; საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე; საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია; სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი; ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საული ნიინისტო; ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი; ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე; პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა და სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა.

ამასთან, ფიცის დადების ცერემონიაზე, ერთი საჯარისო ნაწილი წარმოდგენილი იქნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის რიგითი ჯარისკაცების ფორმებითა და აღჭურვილობით, რომელიც მკვლევარების დახმარებით აღდგა.

ფიცის დადების ცერემონიას ლიტვიდან მოწვეული ორკესტრი გააფორმებს. საქართველოს ჰიმნს საოპერო მომღერალი ნინო მაჩაიძე ოპერის გუნდთან ერთად შეასრულებს. ახალი ინტერპრეტაციით გაცოცხლდება ასევე პირველი რესპუბლიკის ჰიმნი „დიდება“. ცერემონიას გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები დაესწრებიან.

იტვირთბა....