ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგაძე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს გადადგომის მიზეზს ვერ ხედავს

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე არ იზიარებს მოსაზრებას, თითქოს, ძიუდოს ფედერაციაში ვითარება ჩიხშია შესული.

მინისტრის განმარტებით, ძიუდოს ფედერაციის მუშაობასთან დაკავშირებით არ არის ისეთი პრობლემა, რომ ფედერაციის პრეზიდენტს გადადგომის რეკომენდაციით მიმართოს.

“საკითხებს, რომლებიც სამწვრთნელო პროცესს უკავშირდება, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის საკითხთან კავშირი არ აქვს. თუ ასეთი საკითხები არსებობს, ისინი საკმაოდ მარტივად არის გამოსასწორებელი, განმარტებები, რომელიც პრეზიდენტისგან პირველ სხდომაზე მოვისმინეთ, იყო ძალიან არგუმენტირებული და ლოგიკურად დასაბუთებული, ასევე გამაგრებული სწორედ იმ დოკუმენტებით, რომელთა რევიზიაც მოხდა.

პირველი შეხვედრის დროს სპორტსმენებს პირდაპირ ვუთხარი, რომ ულტიმატუმის ფორმა, რომელიც მათ საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად აირჩიეს, ჩიხურ ვითარებას ქმნის. თუ ჩვენ ერთმანეთს არ ვატყუებთ და რასაც ვამბობთ მხოლოდ ძიუდოს განვითარებისა და საქმის გამოსწორებისთვის ვამბობთ, მაშინ საქმე ასეთი ფორმით არ სწორდება”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მანამდედავით ქევხიშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა. ქევხიშვილი ძიუდოისტებს სთავაზობს, წარმოადგინონ მათი ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც ნაკრებთან ურთიერთობის საკითხში ქევხიშვილის თანაშემწედ დაინიშნება. ის ასევე, სთავაზობს მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ ძიუდოისტებისთვის მისაღები ადამიანი დაინიშნოს. რასაც პროეტსტის მონაწილე ძიუდოსიტები არ ეთანხმებიან.

23 მაისს ძიუდოისტებმა პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით მის ადმინისტრაციას მიმართეს, მანამდე კი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ.

სპორტსმენების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატიდან ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დაბრუნდნენ.

თელ-ავივიდან ნაკრების დაბრუნების შემდეგ კი დავით ქევხიშვილმა სამწვრთნელო შტაბი დაითხოვა.

იტვირთბა....