ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის შემდეგ მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აქციას აანონსებს. განცხადება ზაზა სარალიძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. ბრიფინგი მან მკვლელობის ადგილზე გამართა.
ზაზა სარალიძის განცხადებით, აქცია მოთხოვნით – “აღგდეს სამართლიანობა”, პარლამენტის შენობასთან 27 მაისს, 7 საათზე გაიმართება.
მოკლული დავით სარალიძის მამა საზოგადოებას თანადგომისკენ მოუწოდებს.
„პირველად ვიმყოფები ადგილზე, სადაცა ჩემი შვილი მოკლეს. მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, მთელ მოსახლეობას, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკური პარტია იქნება, მმართველი გუნდის წევრი იქნება, ყველას მოვუწოდებ დამიდგეს გვერდით. მინდა განვაცხადო, რომ 27 მაისს, საღამოს 7 საათზე ვატარებთ მშვიდობიან აქციას, თბილისის პარლამენტის ყოფილ შენობასთან. გთხოვთ, დამიდგეთ გვერდით, რათა აღდგეს სამართლიანობა“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ზაზა სარალიძე დღეს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვდება. მისი თქმით, თუ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ ყველა ის პირი დაკავებული იქნება, ვისაც მისი ინფორმაციით მოზარდების მკვლელობასთან კავშირი აქვს აქცია აღარ გაიმართება.
„თუ ჩვენი შეხვედრის დროს ის პირები დაკავებული იქნებიან ვინც ჩაიდინა დანაშაული არამარტო დაჭრის ფაქტზე, არამედ თუ რაიმე წვლილი მიუძღვის ამ სასტიკ დანაშაულში და ის პირებიც ვინც დაფარა დანაშაული და შეეცადა მტკიცებულების განადგურებას, ყველა პირი თუ იქნება დაკავებული ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას და აქცია აღარ ჩატარდება იქიდან გამომდინარე, რომ სამართლიანობა აღდგენილი იქნება“-განაცხადა სარალიძემ