წელიწადში 130 ათას ტონაზე მეტ ხორცსა და ხორცპროდუქტებს საქართველოს მოსახლეობა მოიხმარს. აქედან დაახლოებით 40%-მდე ადგილობრივ წარმოებაზე მოდის, დანარჩენი 60% კი იმპორტირებულია.
ადგილობრივი ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიებიც წარმოებაში ძირითადად იმპორტირებულ ხორცს იყენებენ. მაგალითად, „ლიდერფუდის“ საწარმოს ნედლეულით გერმანული კომპანია Tönnies ამარაგებს, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ერთ-ერთ უდიდეს მიმწოდებლად ითვლება. ინფორმაციას “bpn.ge” ავრცელებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო წლებში ქვეყანაში დაახლოებით 79-80 ათასამდე ტონა ხორცისა და ხორცპროდუქტების შემოტანა ხდება. ამავე მონაცემების მიხედვით, წელს იანვარ-მარტში ქვეყანაში უკვე შემოვიდა 8,991.2 ათასი დოლარის ღირებულების გაყინული მსხვილფეხა საქონლის და ღორის ხორცი. 2017 წელს იმპორტმა 44 278.8 ათასი დოლარი შეადგინა, 2016 წელს კი – 33 210.5 ათასი დოლარი.
გაყინული ხორცი რამდენიმე ქვეყნიდან შემოდის და წინა წლების განსხვავებით, მასზე კონტროლი საკმაოდ გამკაცრებულია. ამ ეტაპზე საქართველოში შემოსვლამდე ხორცი შემოწმების რამდენიმე ეტაპს გადის. თუ საწარმო აღიარებულია ევროკავშირში, მას შემოწმება არ სჭირდება, მაგრამ თუ არ არის ევროკავშირის წევრ რომელიმე ქვეყანაში, არ არის აღიარებული ევროკავშირის მიერ ან სხვა საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კავშირის წევრი და სურს საქართველოში საკუთარი პროდუქციის შემოტანა, სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილზე საკუთარ წარმომადგენლებს აგზავნის.
სააგენტოს თანამშრომლები ადგილზე სწავლობენ სიტუაციას, ატარებენ ინსპექტირებას და შემდგომ იდება დასკვნა, შესაძლებელია, თუ არა იქიდან ხორცის ექსპორტი. შემდეგ იმპორტირებულ ხორცს ლაბორატორიული შემოწმება საბაჟოზე უტარდება. ამასთან, როდესაც გაყინული ხორცი ხვდება ქართულ ბაზარზე, მას სპეციალური კვლევა უტარდება როგორც სწრაფი კვების ობიექტებზე, ასევე შემნახველ მაცივრებსა და ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიებში.
გარდა საცალო ვაჭრობისა, იმპორტირებულ ხორცს იყენებენ მწარმოებლებიც. მაგალითად „ლიდერფუდის“ საწარმოს ნედლეულით გერმანული კომპანია Tönnies ამარაგებს. ხორცი ტრანსპორტირების ყველა ეტაპზე გადის მნიშვნელოვან შემოწმებას როგორც გერმანული ხარისხის კონტროლის სამსახურების მიერ, ასევე ქართული სახელმწიფო და კერძო ლაბორატორიებისგან.
„წარმოებაში უმეტესად ამ ხორცს ვიყენებთ. თუმცა, ასევე გვაქვს ქართული ცოცხალი ხორციც, რომელიც მუხრანის სასაკლაოდან შემოგვაქვს“, – განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ „ლიდერფუდში“.
რაც შეეხება თავად გერმანულ Tönnies-ს, ეს არის ქარხანა, რომლის მთავარი პრიორიტეტიც ხარისხია. საწარმოში პროდუქციის ხარისხის მუდმივი მიკრობიოლოგიური, ფიზიკური და ქიმიური მონიტორინგი მიმდინარეობს. გარანტირებულ ხარისხს კი განსაზღვრავს ისეთი ნაციონალური და საერთაშორისო სერტიფიცირება, როგორიცაა QA quality and safety, International Food Standard (IFS) და British Retail Consortium (BRC).
საწარმო 8 ფილიალს მოიცავს, რომელთაგან შვიდი გერმანიაში, ერთი კი – დანიაშია. საერთო ჯამში კომპანია 8 000-მდე ადამიანს ასაქმებს. გარდა ამისა, Tönnies-ს 25 საერთაშორისო წარმომადგენლობა აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რომელთა საშუალებითაც არაერთ ქვეყანასთან და საწარმოსთან თანამშრომლობს. წარმოების დაახლოებით 50% ექსპორტზე გადის.
რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში იწარმოა 66,1 ათასი ტონა ხორცი, 2017 წელს კი 59,4 ათასი ტონა.