ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის 5-პუნქტიან შეთავაზებას ძიუდოს ნაკრების კაპიტანი და გაფიცული ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ დავით ქევხიშვილი კიდევ ვერ ხვდება, რომ ჩვენ საფუძვლიანი პრეტენზიები გვაქვს და ეს თითიდან გამოწოვილი არ არის, მაშინ მასთან მუშაობა შეუძლებელია.
ლიპარტელიანმა ჟურნალისტებს ძიუდოს ფედერაციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა, სპორტსმენების მხრიდან “ვინმეს მიყვანაზე” საუბარი ზედმეტია, პრობლემები ძიუდოს სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტინ და არა უშუალოდ სპორტსმენებმა.
„ჩვენი მხრიდან ვინმეს მიყვანაზე, ვინმეს დანიშვნასა და სიტუაციის კონტროლზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ არ უნდა ვიღებდეთ ამ გადაწყვეტილებებს, რადგან ჩვენ ვართ სპორტსმენები. ჩვენ საკუთარი პოზიცია დავაფიქსირეთ, ვისაც უშუალოდ შეხება გვქონდა დავით ქევხიშვილთან. ჩვენ დავასახელეთ პრობლემები, კერძოდ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, მწვრთნელების კომპეტენციაში ჩარევა და უამრავი მიმართულებით არასწორი მიდგომა.
თუ ქევხიშვილი კიდევ ვერ ხვდება, რომ ჩვენ საფუძვლიანი პრეტენზიები გვაქვს და ეს თითიდან გამოწოვილი პრეტენზიები არ არის, მაშინ მასთან მუშაობა შეუძლებელია.
გადაწყვეტილება იმ ადამიანებმა უნდა მიიღონ, ვისაც სპორტი შეუქმნია და არა სპორტსმენმა ან მის მიერ მიყვანილმა ადამიანმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მასთან მუშაობა შეუძლებელია”, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ძიუდოისტებს რამდენიმე წინადადებას სთავაზობს. დავით ქევხიშვილი სპორტსმენებს „ფეისბუქის“ საშუალებით მიმართავს და აცხადებს, რომ მისი ქმედებები პროცესების დარეგულირებისკენაა მიმართული.
„სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი პრინციპული პოზიცია, არ დავტოვო პრეზიდენტის პოსტი, არ გახდეს უსაფუძვლო, მაგრამ მაინც მიზეზი, გარკვეული სპორტსმენთათვის მოსამზადებელ პერიოდში ხელის შეშლის მე მათ საჯაროდ (მათსავე არჩეულ ფორმატში) ვთავაზობ შემდეგ წინადადებებს:
1. წარმოადგინეთ ნებისმიერი, პიროვნება რომელსაც თქვენ უცხადებთ ნდობას და რომელსაც ფიქრობთ, რომ შესწევს უნარი გაუძღვეს თქვენთან მიმართებაში მმართველობით პროცესს. ჩვენს მიერ იგი იქნება დანიშნული თანაშემწედ ნაკრებთან ურთიერთობის საკითხში, რა თქმა უნდა შესაბამისი ანაზღაურებით და უფლებებით;
2.წარმოადგინეთ ერთი მწვრთნელი, რომელიც ფიქრობთ, რომ იქნება ყველაზე უფრო მეტად თქვენთვის შედეგის მომტანი სამწვრთნელო პროცესის განხორციელების დროს. ჩვენს მიერ იგი იქნება დანიშნული ერთ-ერთ თანაშემწედ მთავარი მწვრთნელის, რომელსაც უახლოეს პერიოდში დავნიშნავთ;
3.ამით თქვენ გექნებათ საშუალებაა თქვენს მიერ წამოყენებულ კანდიდატებთან ერთად ჩაერთოთ იმ ძიუდოისტთა კონკურენცის პროცესში, რომელთაც ექნებათ პოტენციური შანსი მოხვდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე;
4.სწორედ თქვენს მიერ წამოყენებულ კანდიდატებთან ერთად იქნება დაგეგმილი ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც შეეხება თქვენთან მიმართებაში განსახორციელებელ სამწვრთნელო პროცესს, რა თქმა უნდა თქვენი და მათი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით;
5.მიუხედავად იმისა, ეს შეთავაზება გამოიღებს თუ არა შედეგს პროცესების დარეგურილების კუთხით, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, ყველა კითხვას, რომელიც იქნა დასმული ჩემი მისამართით, კიდევ ერთხელ გავცე პასუხი ნებისმიერი კომისიის ფორმატში და თუკი გამოიკვეთება სადმე ჩემი მხრიდან თქვენთან მიმართებაში რაიმე ხელის შეშლის მომენტი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, დავტოვო პრეზიდენტის პოსტი.
იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ მოვნახავთ ძალას საკუთარ თავში, რათა დავდგეთ თვით საკუთარ თავზე მაღლა, რამეთუ ძიუდო პირველ რიგში არის არა მედლები და ჯილდოები, არამედ პატივისცემა გამოხატული ერთმანეთის მიმართ“, – წერს დავით ქევხიშვილი.