შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 143 მსჯავდებული შეიწყალა.
„საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა შეწყალების აქტი. გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა 143 მსჯავრდებული. აქედან 84 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ხოლო 59 მსჯავრდებულს შეუმცირდა დარჩენილი საპატიმრო სასჯელი. შეწყალების კომისია 16-დან 19 მაისის ჩათვლით მუშაობდა. სულ განვიხილეთ 1347 მსჯავრდებულის საქმე“, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.
მისივე თქმით, ძალადობრივ დანაშაულებისთვის გასამართლებული მსჯავრებულების საქმეების განხილვაზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული, რის გამოც კომისიამ 216 მსჯავრდებულის საქმის განხილვა გადადო, თუმცა მათ კომისია აუცილებლად განიხილავს უახლოეს მომავალში, როცა მორატორიუმი ამოიწურება.