ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სააპელაციო სასამათლომ ხარძიანის მკვლელობის უშუალო ამსრულებელს უვადო პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის საჩივარში მოყვანილი არგუმენტები ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის უშუალო ამსრულებლის ფ.გ.-ს მიმართ გამოყენებულ სასჯელთან დაკავშირებით და მას სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო მკვლელობაში დამხმარე ო.დ.-ისთვის შეფარდებული სასჯელი (19 წლით თავისუფლების აღკვეთა) უცვლელად დატოვა.

სახელმწიფო ბრალდების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ ბესარიონ ხარძიანის  განზრახ მკვლელობის  მიზნით, 2015 წლის 13 იანვარს, ფ.გ., ოლექსანდრ დამეტოვის სახელზე შედგენილი უკრაინის რესპუბლიკის  ყალბი პასპორტის გამოყენებით, ო.დ.-სთან ერთად ჩამოფრინდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მათ ხანგრძლივი ვადით იქირავეს ქ.თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ბინა,  შეიძინეს სპეციალურად შერჩეული „ჰონდას“ მარკის მოპედი (სკუტერი),  ჩაფხუტი,  კუსტარული წესით დამზადებული მაყუჩის მქონე „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი საბრძოლო ვაზნებით. ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ კონსპირაციულად და სისტემატიურად აკონტროლებდნენ ბესარიონ ხარძიანის მოძრაობის მარშრუტს მკვლელობისთვის ხელსაყრელი დროის შესარჩევად.

2015 წლის 28 მარტს, შუადღის საათებში, ბესარიონ ხარძიანი, რომელსაც ფ.გ. ფარულად უთვალთვალებდა, მივიდა ქ.თბილისში, მარაბდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან. ფ.გ. მას შეჰყვა სადარბაზოში და „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან, ბესარიონ ხარძიანის მიმართულებით განახორციელა სამი გასროლა, მათ შორის ერთი საკონტროლო თავის არეში. იმავე დღეს,  ფ.გ.-მ  და ო.დ.-მ სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, დატოვეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

შეგახსენებთ, რომ ფ.გ.-ს ბრალად წარდგენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობა შეკვეთით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის  სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის  პირველი და მეორე ნაწილებით (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), 344-ე მუხლის პირველი  ნაწილით და  362-ე მუხლის პირველი ნაწილით,  ხოლო  ო.დ.-ს – შეკვეთით განზრახ მკვლელობაში დახმარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად  გაიზიარა პროკურატურის პოზიცია კვალიფიკაციის ნაწილში და ბრალდებულებს 19 – 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსჯავრდებულები ო. დ. და ფ. გ. იმყოფებიან მიმალვაში და მათ მიმართ გამოცხადებულია ძებნა.

იტვირთბა....