აშშ-ის მიჩიგანის შტატში მცხოვრებ 24 წლის მეგან შუგს, სასამართლომ, 25-დან 50-წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ოთხი შვილის დედა, თავისი 4 წლის ვაჟის წამების გამო დასაჯეს. მოსამართლის, სარა ლინკოლნის თქმით, მას არაერთხელ შეხვედრია, პროფესიული საქმიანობის დროს, პედოფილი, მოძალადე, სხვადასხვა დამნაშავე… მაგრამ მეგან შუგი ყველაზე ბოროტი ადამიანია, რომელიც მას განსასჯელის სკამზე უნახავს.
მეგან შუგს თავისი 4 წლის აუტისტური სპექტრის მქონე შვილი, დღეების განმავლობაში, კარადაში ჰყავდა ჩაკეტილი.
2017 წლის მარტში, მან დაუძლურებული მალოიდი საავადმყოფოში მიიყვანა, ბავშვი მომაკვდავი იყო, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისი ფეხები დაბმული იყო, რამდენიმე ადგილას განგრენა ჰქონდა განვითარებული, იყო დაუბანელი და ძლივს სუნთქავდა. ბავშვს, რამდენიმე დღის განმავლობაში, საკვები არ ჰქონდა მიღებული. ექიმებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ეს ბავშვი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. პოლიცია მეგან შუგის სახლში მივიდა და ის ადგილი აღმოაჩინა, რომელიც ბოქლომით იკეტებოდა და სადაც ბავშვის ყოფნის კვალი იყო. კარადაში ტანსაცმელი, თეფშები და შარდის კვალი ნახეს. პატარა ბიჭუნას კი სხეულზე განგრენები მოურჩენელი იარებისგან ჰქონდა გაჩენილი. მისთვის ერთი თითის ამპუტაციის გაკეთებაც დასჭირდათ. ექიმების დაუღალავი შრომის შედეგად, პატარა დატანჯული ბავშვი გადარჩა.
რაც შეეხება მის დედას, რომელსაც ყველაფრის აღიარება მოუწია, იმის მიზეზად, თუ რატომ ამყოფებდა პატარა ბავშვს ასეთ პირობებში, მან განმარტა, რომ მისი ბოიფრენდი, მისი შვილების მამა, ბავშვებს სცემდა და ამისგან მათი დაცვა სურდა. ამ დროისათვის 38 წლის ისააკ მილერი დაკავებულია, მას ბავშვების მიმართ სასტიკ მოპყრობაში ბრალი აქვს წარდგენილი, მისი სასამართლო პროცესი ივლისში გაიმართება.
მოსამართლე სარა ლინკოლნი: „თქვენ მას ნელ-ნელა კლავდით. თუკი ამ ბავშვის მოკვლა გსურდათ, შეგეძლოთ ეს უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ გაგეკეთებინათ, მაგრამ თქვენ მას თვეების განმავლობაში აწამებდით და ტანჯავდით. თქვენ ყველაზე ბოროტი ადამიანი ხართ იმათგან, ვინც მე განსასჯელის სკამზე მინახავს.“
დედამ სანამ მის განაჩენს გამოაცხადებდნენ, პროცესზე იტირა და ბოდიში მოიხადა იმისთვის, რაც მალოიდს გაუკეთა. მისი თქმით, მას ოთხივე შვილი ძალიან უყვარს.
ამ დროისთვის ბიჭუნა უკვე მიმღებ ოჯახში იმყოფება, რომელიც აპირებს, რომ ის იშვილოს. ამ ოჯახის წევრების თქმით, ის უსაყვარლესი, თბილი ბავშვია, რომელსაც ბევრი ყურადღება სჭირდება. თავდაპირველად, ჭამის დროს, მისი მარტო დატოვება არ შეიძლებოდა, რადგან იმდენად სწრაფად ჭამდა და არ ღეჭავდა საჭმელს, რომ დახრჩობის რისკი ჩნდებოდა. გარდა ამისა, მას საწოლში წოლა არ შეეძლო, საბანს იღებდა და კარადაში იძინებდა.
kvira.ge