ქვეწარმავლების აღმოჩენის და ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოების დაწყების შემდეგ ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა დავით წიტაიშვილმა განაცხადა, რომ სასწავლო პროცესის განახლების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. მის კომენტარს “იმედინიუსი” ავრცელებს:
„ბავშვების უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. ვიდრე არ დავრწმუნდებით, რომ საფრთხემ ჩაიარა, მანამდე სასწავლო პროცესი შეწყვეტილი იქნება“, – აცხადებს წიტაიშვილი.
შეგახსენებთ, მე-17 ბაღის მახლობლად გველების შემოსევას მდინარე ოღასკურაზე მიმდინარე კალაპოტის გაწმენდით სამუშაოებს უკავშირებენ. სპეციალისტების თქმით, მდინარის ქვეწარმავლები ამ დროს აქტიურდებიან. საბავშვო ბაღის ეზოში რამდენიმე ქვეწარმავალი სასწავლო დღის ბოლოს შენიშნეს.