ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “პირისპირ” ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვლმა განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს. ქევხიშვილის თქმით, უსაფუძვლო ბრალდებების ფონზე, მისთვის მთავარი არა თანამდებობა, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაა.
“იმ ფორმატში, რა ფორმატშიც და რა მიზეზების გამოც სპორტსმენთა ეს ჯგუფი ამას ითხოვს, ეს არის უსაფუძვლო და, ბუნებრივია, არ ვაპირებ გადადგომას. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მე პოსტს ჩავებჭაუღო. აქ საუბარია, რომ ზოგადად ფედერაციის პრეზიდენტის ინსტიტუტს სჭირდება დაცვა. სამწუხაროდ, ეს პირველად არ ხდება. ეს ხდებოდა 2009 წელს, ხდებოდა ადრეც და, ბუნებრივია, მე მაქვს ვაკლდებულება იმ ადამიანთა მიმართ, ვინც ამირჩია”, – აღნიშნა მან.
ქევხიშვილი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი მართულია და პროცესების უკან კონკრეტული პირები დგანან. კითხვაზე, თუ ვინ არიან ისინი, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ ზვიადაური და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა ხაბარელი დაასახელა, რომლებიც ქევხიშვილის გადადგომას მხარს უჭერენ.
“ფაქტია, რომ პრობლემა არსებობს, თუმცა ის ახლა არ დაწყებულა. ასეთი დაძაბული რეჟიმი მე 4 წლის განმავლობაში არაერთხელ მქონია. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც ამის უკან დგანან და როგორც მინიმუმ სურვილი აქვთ პროცესების ესკალაციის, იგივე ხაბარელი, რომელიც გამოდის და მწვავე განცხადებებს აკეთებს, თუნდაც ზვიადაური ან ნებისმიერი სხვა ადამიანი… მაშინ, როდესაც მათ არგუმენტირებულად არ სურთ საუბარი ამ საკითხთან დაკავშუირებით და მხოლოდ აპელირებენ რაღაც უსაფუძვლო ბრალდებებით”.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს შოთა ხაბარელს, ქევხიშვილი აღნიშნავს:
“…ის, რაც ჰქონდა 2012 წელს. რომ უნდოდა, მოსულიყო ის და მისი გუნდი ფედერაციაში, მათ ეს ვერ შეძლეს… ის არის ცეცხლზე ნავთის დამსხმელი, რომელიც ფიქრობს იმაზე, რომ გამორჩეს ამ ვითარებას და აქედან მიიღოს გარკვეული სარგებელი. ჩემთვის მისი ქმედებები და განცხადებები ტოვებს მხოლოდ ამ შთაბეჭდილებას და სხვას არაფერს”- განაცხადა ქევხიშვილმა.
დავით ქევხიშვილის თქმით, მან რამდენიმე საათში გასცა პასუხი იმ 23 შეკითხვას, რომლებიც პროტესტის მონაწილე ძიუდოისტებმა წარუდგინეს. ქევხიშვილის განცხადებით, ფაქტი, რომ აღნიშნული კითხვები ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ სულ 2 დღეში წარუდგინეს, აჩვენებს, რომ პროცესები ან მართულია, ან ისინი მანამდეც იგიგმებოდა.
“მე ვთქვი, რომ ეს არის მართული პროცესი გამომდინარე იქიდან, თუნდაც ის 23 კითხვიდან, რომელიც ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებიდან 2 დღეში ჟღერდება კაპიტნისგან. თუკი ეს არ არის მართული, მაშინ გამოდის, რომ ის ამაზე ფიქრობდა ელემენტარულად ევროპის ჩემპიონატზე. სხვათა შორის, მაშინ განვაცხადე, რომ ნაადრევად მიგვიღია გადაწყვტეილება, როცა მთავარი მწვრთნელი დავითხოვეთ პოსტიდან, გამომდინარე იქიდან, რომ როცა სპორტსმენთა გუნდი იმ პრობლემებზე ფიქრობს, რომელთა დიდი ნაწილიც მას არ ეხება, ბუნებრივია, ევროპის ჩემპიონატზე კი არა, ჩვეულებრივ ტურნირზეც ვერ მიაღწევს წარმატებას”, – აცხადებს ფედერაციის პრეზიდენტი საუბრისას.
დავით ქევხიშვილის თქმით, ძიუდოისტებთან დიალოგისთვის მზად არის, თუმცა მხოლოდ მედიის დაუსწრებლად.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ძიუდოისტებმა, ქევხიშვილის კაბინეტის კარი აჭედეს და მისი სავარძელი გარეთ გამოიტანეს და ნაგვის ურნასთან დადგეს.