ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ სხდომის დასრულების შემდეგ ნარკოპოლიტიკის საკითხთან განაცხადა, რომ დაგვრჩა შესათანხმებელი რამდენიმე დეტალი – მომდევნო დღეების განმავლობაში შევხვდებით ამ დეტალებთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესებში ჩაჯდება ადეკვატურად და ზუსტად.
მისი თქმით, პარტიის წევრებს შორის დღეს პოზიციები კიდევ უფრო დაახლოვდა.
„ჩვენ დღეს დავაახლოვეთ პოზიციები. აქ არის რამდენიმე კომპონენტი, რომელიც მოიცავს რამდენიმე საკითხს. ერთი არის – ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, მეორე – შეძენა-შენახვასთან და დოზირებასთან დაკავშირებით და მესამე – მოხმარების საკითხი.
ჩვენ პრაქტიკულად ყველა საკითხზე შევჯერდით და უფრო დავაახლოვეთ პოზიციები იქიდან გამომდინარე, რომ უფრო დავაკონკრეტეთ, რომ ნარკორეალიზატორების მიმართ იქნება გაცილებით მკაცრი სანქცია, ვიდრე ეს არის დღევანდელ კანონმდებლობაში. დოზებზე პრაქტიკულად, დაახლოებით შევჯერდით და კვირის ბოლომდე ალბათ კიდევ უფრო დეტალურად იქნება ეს გავლილი. მოხმარების საკითხთან დაკავშირებით ასევე შევჯერდით, ის პრინციპი, რომ მომხმარებლის მიმართ იქნება გაცილებით ჰუმანური კანონმდებლობა, ესეც პრაქტიკულად, შეთანხმებულია.
აქედან გამომდინარე, ჩვენ დაგვრჩა რამდენიმე დეტალი და მომდევნო დღეების განმავლობაში შევხვდებით ამ დეტალებთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესებში ჩაჯდება ადეკვატურად და ზუსტად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.