ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით “ქართულ ოცნებაში” კენჭისყრა ჩატარდეს თავისუფალ რეჟიმში, როცა უმრავლესობის უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, იმედია, რომ ეს საჭირო არ გახდება და პოზიციები დაახლოვდება.
“ჩვენ გვქონდა პირველი ფართო შეხვედრა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, უმრავლესობის ფორმატში. შეხვედრას ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარე. განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ნარკოპოლიტიკასთან. გვქონდა მოცემულობა, როცა დაახლოვდა პოზიციები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ იმის გამო, რომ ვფიქრობთ, გარკვეული საკითხების დაკონკრეტება მომავალში ხელს შეუშლის ამ საკითხებზე შეჯერებას.
პრინციპები რჩება იგივე, რომ ჰუმანურობა უნდა იყოს გამოვლენილი მომხმარებელთა მიმართ, ხოლო ნარკოტიკების რეალიზაციის მიმართულებით მკაცრი პოლიტიკა იქნება გატარებული. მიდგომა არის ის, რომ უნდა მოხდეს რეგლამენტაცია იმ საკითხების, რომელიც არის დაკავშირებული ნარკოტიკების მოხმარებასთან და ნარკოტიკების გასაღებასთან. იყო და რჩება განსხვავებული მოსაზრებები მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში. მე იმედი, მაქვს, რომ მოხერხდება პოზიციების მთლიანად დაახლოება. გამორიცხული არ არის, რომ კენჭისყრა ჩატარდეს თავისუფალ რეჟიმში, როცა უმრავლესობის უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას, თუმცა მინდა იმედი გამოვთქვა, რომ პოზიციები მაქსიმალურად დაახლოვდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.