კლუბი „ბასიანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ტატო გეთია ამბობს, რომ დღეს საათ-ნახევრის წინ შემოვიდა ზარი მთავარი სამმართველოდან; საქმის გამომძიებლისგან, იმ პირმა, ვინც ის დაკითხა. მან 23 მაისს „ბასიანთან” დაიბარა გეთია და უთხრა, რომ კლუბს ერთად მოვხსნიდით ლუქს და დაგვიბრუნებდნენ გასაღებს.
როგორც გეთია ამბობს, ზუსტად 54 წუთში მის ტელეფონზე იმავე პირმა მეორედ დარეკა.
„ის თავს უხერხულად გრძნობდა. მან მითხრა, რომ რამდენიმე დღით გადაიდო ლუქის მოხსნა და მკითხა, თუ დავეხმარებოდი ზვიად გელბახიანის მოძებნაში. რა თქმა უნდა, დასაკითხად. რა თქმა უნდა, მან კარგად იცის, მეც ვუთხარი და აქაც ვიტყვი, ეს არის პოლიტიკური თამაში. 45 წუთში შეცვალა გადაწყვეტილება და მიზეზად გარკვეული საგამოძიებო სამუშაოები დამისახელა. დაბნეული იყო; თვითონაც ცუდ მდგომარეობაშია მსხვერპლია შს სამინისტროს პოლიტიკური თამაშების. ეს არის ბოროტმოქმედება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.“ – განაცხადა ტატო გეთიამ გუშინ „თეთრი ხმაურის მოძრაობის” ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ 12 მაისის სპეცოპერაციის შემდეგ კლუბი დალუქულია. მფლობელებისთვის უცნობია, როდის გაიხსნება კლუბი. შს მინისტრის თქმით, საგამოძიებო მოქმედებები ჯერ ისევ მიმდინარეობს კლუბის ტერიტორიაზე. 17 მაისს გამოძიების ფარგლებში ტატო გეთია დაკითხეს.