ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის საავადმყოფოში 4 წლის გოგონა გარდაიცვალა

გუშინ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში 4 წლის გოგონა გარდაიცვალა. ამ საავადმყოფოში ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოდან გადაიყვანა, სადაც გოგონა მშობლებმა 19 მაისს მიიყვანეს.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, დავით მურვანიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში დამძიმდა:

„პაციენტი შემოვიდა ბაქტერიული, საკვებისმიერი ინტოქსიკაციით, მრავალჯერადი ღებინებით და მკვეთრად გამოხატული გაუწყლოების ნიშნებით. დაიწყო, როგორც ამ დროს ჩვეულებრივ ხდება, გაუწყლოების ლიკვიდირება, ინფუზიური თერაპია. ინფუზიური თერაპიის ფონზე მოხდა გულყრა, რის შედეგადაც განვითარდა სითხის უკმარისობა და წარმოიშვა ყველა ის პრობლემა, რამაც გვაიძულა ბავშვი გადაგვეყვანა ბავშვთა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, რადგან, ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რეანიმაცია.

ოთხ საათზე შემოსული პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა 8 საათზე, შემოსვლისას მდგომარეობა არ იყო ისე მძიმე, რომ რეანიმაციის საჭიროების საკითხი განხილულიყო. ინფექციურ საავადმყოფოში ყოველდღიურად 7-8 ბავშვი ხვდება, ეს არ იყო განსხვავებული შემთხვევა,“ – ამბობს დავით მურვანიძე.

ექიმის თქმით, მშობლების ინფორმაციით, ბავშვს თუთა ჰქონდა ნაჭამი.

ანგისაზე მდებარე დედათა და ბავშვთა ცენტრში 4 წლის ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ის დილით გარდაიცვალა. ინფორმაციას გაზეთი “ბათუმელები” ავრცელებს.

შს სამინისტრომ ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლით დაიწყო – ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება.

იტვირთბა....