პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე დაგეგმილი მოსმენის კომენტირებისას განაცხადა, რომ ელოდება ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას.
“არის ძალიან პრინციპული საქმე. ეს საქმე დიდი ხანია მზადდება, იუსტიციის სამინისტრომ და მთავრობამ წარმოადგინა ყველა მტკიცებულება, რაც კი საჭირო იყო ძალიან მყარი პოზიციების წარმოსადგენად სტრასბურგის სასამართლოში. ძალიან ბევრი მოწმე, დაზარალებული და ფაქტობრივი გარემოება არის თავმოყრილი. დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ სასამართლოს ექნება ყველა საჭირო გარემოება კონვენციით დაცული უფლებების შელახვის ფაქტების დასადასტურებლად, რასაც ადგილი ჰქონდა აგვისტოს ომის დროს”, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” 23 მაისს ბოლო მოსმენა გაიმართება.