საქართველო რუსეთის წინააღმდეგ – საქმე N2: 23 მაისს სტრასბურგში განახლდება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სასამართლო პროცესი.
როგორც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, უმთავრესი აგვისტოს ომის საქმეზე არის ის, რომ სამართლებრივად დავადასტუროთ და ეს ევროპულმა სასამართლომ გაიზიაროს, რომ ცხინვალის რეგიონში 8 აგვისტოდან დღემდე რუსეთი ახორციელებდა და ახორციელებს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ეფექტურ კონტროლს, ვიდრე 8 აგვისტომდე. მისი თქმით, საუბარია იმაზე რომ აღინიშნოს – ოკუპაცია გრძელდება დღესაც.
“რუსეთის ის არგუმენტი, თითქოს ის არაფერ შუაშია და თუ იქ რამე მოხდა, ეს საქართველოს სახელმწიფოს ბრალია, ეს მითი სამართლებრივად ერთობლივი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა დავამარცხოთ. 23-ში ჩვენ საქმე გვაქვს სამართლებრივ დავასთან, რაც გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის სერიოზულობას მოითხოვს, რადგან იქ ნებისმიერი რამ შეიძლება მეორე მხარემ გამოიყენოს” – აცხადებს მინისტრი.
მისი განცხადებით, 2017 წლამდე რუსეთი ჩვენ გვსაყვედურობდა იმას, რომ გორში 12 აგვისტოს ჩამოვარდნილი „ისკანდერი“ ქართველების გამოგონილი ამბავია, რომ ეს საერთოდ ასე არ მომხდარა და რომ ის ფოტომასალა, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჰოლანდიაშიც, ჰოლანდიელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმიდან გამომდინარე არსებობს, არის ფოტოშოპი.
“მივაკვლიეთ გორში ჩამოვარდნილი „ისკანდერის“ ერთ ნაწილს, ნამსხვრევებს და უკვე რამდენიმე კვირის წინ, აპრილის ბოლოს, მოვიპოვეთ, დაახლოებით, 800 კგ იმავე „ისკანდერის“ დანარჩენი ნაწილები. მათზე, რა თქმა უნდა, შენარჩუნებულია ყველა კვალი იმისა, რომ ეს ნამდვილად ეს იარაღია, რომ ეს ნამდვილად ნაწარმოებია მოპასუხე სახელმწიფოს − რუსეთის ფედერაციის, მიერ და რომ რეალურად ვერანაირ ფოტოშოპზე საუბარი ამ სამართლებრივ დავაში ვერ იქნებოდა” – ამბობს წულუკიანი.
მისი განცხადებით, ჩვენ დღეს ხელთ გვაქვს ჰოლანდიური გამოძიების შედეგები, ჩვენივე გამოძიების შედეგები, გვაქვს საექსპერტო დასკვნები და მატერიალური მტკიცებულება, ნივთმტკიცება, ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მიგნებული და მოპოვებული.
ჩვენ მივმართეთ ჰააგის სასამართლოს ექსპერტიზისთვის მაშინვე. ეს ექსპერტიზა ჩატარდა. ჰააგის სასამართლოდან ჩვენ მტკიცებულებაც გვაქვს წარდგენილი 23 მაისის სხდომისთვის, რომ რეალურად სისხლის საერთაშორისო სასამართლოს ექსპერტებმა ამ „ისკანდერს“, და არა რომელიმე სხვა იარაღს, ჩაუტარეს ექსპერტიზა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გვაქვს ბევრი სხვა მტკიცებულება − რადარების მონაცემები, სადაც ცალსახად ჩანს, ვიზუალურად ჩანს, რომ ქართულ სივრცეში ამ პერიოდში მხოლოდ რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ და იქ ქართული შენაერთები საერთოდ არ იყვნენ. ჩვენი საჰაერო სივრცე მთლიანად ყოველდღიურად, არა რომელიმე ერთ დღეს, იყო მოცული რუსული სამხედრო თვითმფრინავებით. ბრმა უნდა იყო ან არ გინდოდეს, რომ ეს დაინახო. ჩვენ, ასევე გვაქვს სეისმოლოგების დასკვნები; გვაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა, რომელიც გაეგზავნა რუსეთის ფედერაციას, და იმის მტკიცებულებაც გვაქვს, რომ ჩაბარდა; რომ საქართველომ 10 აგვისტოს, გამთენიისას, ცეცხლი შეწყვიტა, “ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლს” იურისტი ნიკა ლეგაშვილი ამბობს, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში 400 ინდივიდუალური სარჩელი აქვს გაგზავნილი.
“ჩვენ შევისწავლეთ ყველაზე მტკივნეული საქმეები – მკვლელობები, გატაცებები, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.დოკუმენტები ომიდან 6 თვეში გავაგზავნეთ სასამართლოში. ეს არის საქმეები, სადაც დასტურდება სიცოცხლის უფლების ხელყოფა, უკანონო პატიმრობა. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება. ჩვენ გვყავს თვითმხილველები, რომლებიც ადასტურებენ რომ დევნა და მკვლელობები რუსების მხრიდან ხორციელდებოდა. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ჯერ განიხილება სახელმწიფოთაშორისი დავა, რის შემდეგაც უკვე დღის წესრიგში დგება ინდივიდუალური სარჩელები-
ცნობისთვის, სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი ხელმძღვანელობს.