სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ ჯანაშიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მისი ბრალდების საქმესთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს არ აინტერესებს თუნდაც იმ ადამიანის ბედი, რომელიც ქვეყანას 20 წლის განმავლობაში ემსახურა და იცავდა მის ორ წინამორბედს და ვთვლი, რომ ასეთი მთავარსარდალი ქვეყნისთვის სირცხვილი იქნება.
ჯანაშიას თქმით, თუ გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნება 2013 წლის თებერვლის შემდეგ გამოცემულ განკარგულებებს, რომელიც მისი შემცვლელის პირობებში შესრულდა, მის მიმართ წარდგენილი ბრალის აბსურდულობა უკვე ნათლად გამოჩნდება.
“პრეზიდენტი მარგველაშვილი არის ის პრეზიდენტი, რომელმაც შეასრულა პროკურატურის დაკვეთა. გაასაჯაროვა ის დოკუმენტები, რომელიც სჭირდებოდა პროკურატურას მხოლოდ და მხოლოდ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად. არ ასაჯაროებს საბუთების იმ ნაწილს, რომელიც საკმარისი იქნება რომ დამტკიცდეს ამ ბრალის აბსურდულობა. ბრალის აბსურდულობა მდგომარეობს იმაში, რომ თუ განკარგულებები სრულდებოდა ჩემამდეც და ჩემს მერეც, თუ ხარჯების გაწევის მექანიზმი იყო ანალოგიური, რით განსხვავდება მაშინ ჩემი წინამორბედის ან ჩემს შემდეგ ვინც იყო სამსახურის უფროსი, მათი ქმედებები. ეს არის ნათელი შერჩევითი სამართალი. არც ერთ სამსახურის უფროსს არ ჩაუდენია დანაშაული. ყველა ასრულებდა თავის მოვალეობას, საქართველოს კანონს და კონსტუტუციას”, – განაცხადა თემურ ჯანაშიამ.
სდსს-ს ყოფილი უფროსის თქმით, ის და მისი ადვოკატი კვლავ მიმართავენ პრეზიდენტს, რათა მოხსნას გრიფი იმ დოკუმენტებს, რომელიც 2013 წელს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გამოიცა, მაშინ როდესაც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ანზორ ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა.
“პრეზიდენტი მარგველაშვილი არის უმაღლესი მთავარსარდალი, მაგრამ ის დარჩება საქართველოს ისტორიაში ალბათ, პრეზიდენტებს შორის ყველაზე მუქ ლაქად. მისი მოღვაწეობა ქართველ ხალხს ფაქტობრივად, არაფერს დაუტოვებს. მას არ აინტერესებს სამხედროების ბედი, თუნდაც იმ ადამიანის ბედი, რომელიც ქვეყანას 20 წლის განმავლობაში ემსახურა და იცავდა მის ორ წინამორბედს. მისთვის ეს არაფერი არაა და მე ვთვლი, რომ ასეთი მთავარსარდალი ქვეყნისთვის სირცხვილი იქნება”, – განაცხადა თემურ ჯანაშიამ.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ივნისში თემურ ჯანაშიამ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს ღია წერილიც გაუგზავნა, სადას შერჩევით სამართალზე საუბრობდა.