პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელზეც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ნარკოპოლიტიკა იქნება. მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა დღეს გაიმართა, სადაც მწვავე დისკუსია იყო და და მას ყველა ის კომპეტენტური ადამიანი ესწრებოდა, ვისაც ეს საკითხი ეხება.
დაესწრება თუ არა ხვალინდელ სხდომას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ზოიძემ უპასუხა, რომ მისი აზრით, უნდა დაესწროს.
“ეს არის საკვანძო თემა, რომელზეც პარტია, აღმასრულებელი ხელისუფლება, საპარლამენტო ნაწილი უნდა შეთანხმდეს. მასში უნდა იყოს ჩართული ყველა ადამიანი და მათ შორის ბიძინა ივანიშვილი”, – განაცხადა ზოიძემ.
დეპუტატი გარანტიას იძლევა, რომ ნარკომოხმარების ჰუმანიზაცია მოხდება, თუმცა რა ფორმით, ეს შესათანხმებელია.